ქალაქ ხობში სადღესასწაულო ღონისძიება “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი და ტრადიციული მეგრული კერძების მომზადების მასტერკლასი გაიმართა. მხატვრების ნამუშევრების გამოფენა და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო.
საზეიმო ღონისძიებაზე 2023 წლის ხობის საპატიო მოქალაქეთა, ღვაწლმოსილ პედაგოგთა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, აქტიური და სამაგალითო საზოგადოებრივი საქმიანობისა და პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ნარგიზა ტუღუშს, ნათელა ჯიჯელავას, ფრიდონ გოცირიძეს და კუკურ ნაცვლიშვილს.ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: სულიკო ტაბატაძე, ზაირა ცხადაია, ხურთქი აბრალავა, მანანა სესქურია, ნათელა ქირია, დარეჯან ნადარაია და ხობელი ახალგაზრდები – ქეთევან ხასია, ქეთევან ტურავა, ლუკა ნარსია და ნოდარ კარტოზია, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მოიპოვეს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი.
“დღეს ვარ ძალიან ამაყი და ბედნიერი, რადგან ხობმა დედა როგორც ღვაწლმოსილი პედაგოგი და საპატიო ხობელი დააჯილდოვა.
დედა 50 წელზე მეტია, ამ საქმეს ემსახურება და პირველი შემთხვევაა, როდესაც მისი შრომა და საქმე ასე საჯაროდ დაფასდა. მას უყვარს ის, რასაც აკეთებს და ერთგულად ემსახურება ამდენი წელია.
დღეს კიდევ ერთხელ ძალიან ამაყი ვარ დედით, რომელმაც ძალიან ახალგაზრდამ დაკარგა მეუღლე და მთელი ცხოვრება სამ შვილს მოგვიძღვნა, ჩვენთან ერთად კი მისი მზრუნველობა ასობით ბავშვმა იგრძნო და გრძნობს დღემდე.
დიდი მადლობა ხობს, ხობის მერიას, ყველას, ვინც ინიციატივა გამოიჩინა, ვინც განახორციელა, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული ყურადღებისა და დაფასებისთვის”-წერს ჟურნალისტი რაულ ქირია.