ქადაგიშვილი ოპოზიციაზე – რაც არ უნდა „ფეიკით” და იდეოლოგიით კვებო მოსახლეობა, ხალხი მაინც ხედავს, რომ ამ ქვეყანაში მიუხედავად ყველაფრისა, მზე მაინც ამოდის

რაც არ უნდა „ფეიკით” და იდეოლოგიით კვებო მოსახლეობა, ხალხი მაინც ხედავს, რომ ამ ქვეყანაში მიუხედავად ყველაფრისა, მზე მაინც ამოდის, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნახევარსაათიანი თუ ერთ საათიანი “ფეიკებით” რევოლუციის მოწყობა არ შეიძლება.

„პოლიტიკური ოპოზიციის პრობლემა სწორედ იმაშია, რომ სისტემური ხედვა, პოლიტიკური სტრატეგია არ გააჩნიათ. რაღაც მოვლენის დაჭერა უნდათ, რადგან სისტემურად რომ ავიღოთ საქართველო და მისი პოლიტიკა გაცილებით წინ არის თავის ამომრჩევლიანად, ვიდრე დღევანდელი პოლიტიკური სპექტრი. ნახეთ, მათი აქცენტები რაზე კეთდება, რომ რაღაც ერთი კონკრეტული მოვლენისგან შექმნან ისეთი მუხტი, რომელმაც უნდა ააფეთქოს და ამოატრიალოს ხელისუფლება. ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატის ცვლილების გამოყენება დაიწყეს ამისთვის და აღმოჩნდა, რომ არ შეიძლება ნახევარ საათიანი თუ ერთ საათიანი “ფეიკებით” რევოლუციის მოწყობა. ამდენი ხნის განმავლობაში ოპოზიცია ვერ მიხვდა, რომ ქვეყანა სისტემურად სხვაგან არის, სხვა კონსტიტუციაში ვცხოვრობთ, სხვა ინსტიტუციური მდგრადობა მოიპოვა ამ ქვეყანამ და პოლიტიკური კულტურა, მათ შორის, საზოგადოებაში სულ სხვანაირია, გაიზარდა და ადვილად აღარ სჯერა ადამიანებს იმ პროპაგანდის, რა პროპაგანდითაც უნდათ რევოლუციის მოწყობა. მათი პოლიტიკა ვერ ჰპოვებს აღქმას მოსახლეობაში – ვერც საარჩევნო თვალსაზრისით და ვერც ე.წ რევოლუციური სცენარების მოწყობის თვალსაზრისით”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გარდა ამისა, უმრავლესობის წევრმა ოპოზიციის ბოიკოტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ “არც პარლამენტისა არიან, არც ქუჩისანი არიან და სადარბაზოში არიან გაჭედილები”.

„სრულ უაზრობაში არიან შესული. რაღაცნაირად გამომდის ისე, რომ ჭკუას ვარიგებ, მაგრამ – თუ პრობლემა, რომელიც დაგიდგა, იმას ანალიზს არ უკეთებ და არ ამოწურავ ამ პრობლემას, მუდმივად შენი თანხვედრი იქნება. ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს 2020 წლის არჩევნები აღიარონ თუ არ აღიარონ, ვერ ჩამოყალიბდნენ და აქედან გამომდინარე, არც პარლამენტისა არიან, არც ქუჩისანი არ არიან და სადარბაზოში არიან გაჭედილები, შევიდნენ თუ გამოვიდნენ ვერ გადაუწყვეტიათ და გამომდინარე აქედან, ეს არის მათი პრობლემა, ეს არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პრობლემა. პრობლემა გამოიხატება იმაში, რომ ამომრჩევლებს მუდმივად კარგავენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველო დაინტერესებულია, რომ მისი პოლიტიკური სისტემა და პოლიტიკური ცხოვრება იყოს სავსე, მათ შორის, ოპოზიციური ფლანგის და ისინი თუ თვითონ ამ თავიანთი გაუაზრებელი, ჩამოუყალიბებელი დღის წესრიგით ამას აზიანებენ – ეს უკვე მათი პრობლემაა. რაც არ უნდა “ფეიკით” და იდეოლოგიით კვებო მოსახლეობა, ხალხი მაინც ხედავს, რომ ამ ქვეყანაში მიუხედავად ყველაფრისა მზე მაინც ამოდის”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი – საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დასავლეთის ლანძღვა-გინება, „კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ინუკოვიჩის ხელისუფლებასთან პარალელი სამართლიანია“
შემდეგი სტატიაეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „IDS​ ბორჯომის“ მიერ შეტანილი განცხადების შესწავლა მიმდინარეობს, დასკვნას კი იუსტიციის სამინისტრო მოამზადებს