ქადაგიშვილი ოპოზიციაზე – 6 თვეა ვერ გარკვეულან საით არიან, საქართველოსკენ, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ

გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას – არჩევანი გასაკეთებელი აქვთ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც 6 თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან, საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვისნ როგორც საერთო შეთანხმების მისაღწევად, ასევე ინდივიდუალური მოლაპარაკებისთვის. ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს კვირა გარკვეული პოლიტიკურ სუბიექტებისგან შეიძლება საგნობრივ საუბარს დაეთმოს.

„ოპოზიციის ძალიან რადიკალური ფრთა არანაირად არ არის თანახმა არანაირი შეთანხმების მიღწევაზე. მათი სურვილი არის ერთადერთი, რომ ხელისუფლების ცვლა მოხდეს არალეგიტიმური გზით, მათი კარნახით ჩატარდეს ე.წ. რიგგარეშე არჩევნები, რასაც მხარს არ უჭერს არავინ, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ამიტომ დანარჩები საკითხები მათთვის არის უინტერესო. დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა მედიაციამ დადო, მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა, „კოჭლიც“ უწოდეს და დააფიქსირეს, რომ არც რურუაა მთავარი, მელია ხომ საერთოდ, მძევლად ჰყავთ აყვანილი. არავის გამოშვება მათთვის მთავარი არ არის, მთავარი არის ხელისუფლების შეცვლა, ამისთვის ისინი ყველანაირი დესტაბილიზაციის გეგმას მიმართავენ. გააგრძელებს თუ არა ვინმე მოლაპარაკებას – ჩვენ ყველა ეტაპზე ვამბობთ, რონ მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან, როგორც ინდივიდუალურად, ასევე, უკეთესი იქნებოდა, თუ ეს იქნებოდა საერთო შეთანხმება. აქედან გამომდინარე, არჩევანი გასაკეთებელი აქვთ ამ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებიც 6 თვეა ვერ გარკვეულან, საით არიან, საქართველოსკენ არიან, ეშმაკისკენ, თუ რუსეთისკენ, ქვეყნის სტაბილური განვითარება უნდათ თუ დესტაბილიზაცია. ეს ყველაფერი აღრეულია მათ პოლიტიკურ აზროვნებაში, მოვუწოდებ, რომ ჩამოყალიბდნენ. ჩვენ სხვადასხვა დროს ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან გარკვეულ განცხადებებს, ჩვენ ამ განცხადებებზე ყოველთვის ვპასუხობთ კეთილგანწყობით, ვთავაზობთ, რომ მობრძანდნენ და დოკუმენტის გარშემო საგნობრივი საუბარი დავიწყოთ, ვნახოთ, ეს კვირა შეიძლება ამ საგნობრივი საუბრის ადგილი იყოს გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან, მათ შორის, „გირჩზეც“ ვსაუბრობ, რასაკვირველია,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – კარგა ხანს, სულ მცირე წლის ბოლომდე და მეტი, პირბადეების ტარება, ალბათ, დაგვჭირდება
შემდეგი სტატიატიკარაძე მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე – ველოდებით დასკვნას