გერმანიის კანცლერმა გამოთქვა საკმაოდ ზომიერი, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულება ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, სადაც არც სიტყვა რუსული გამოუყენებია და არც აგენტი, არც ასეთი პროპაგანდისტული კლიშეებისთვის მიუმართავს – მივაღწევთ იმას, რომ საქართველო არავინ განიხილოს პროექტის სახელმწიფოდ, პროექტის საზოგადოებად და ჰქონდეთ პატივისცემა, რომელსაც ნორმალური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო იმსახურებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის გუშინდელი განცხადება შეაფასა.
ქადაგიშვილი ასევე გამოეხმაურა თარჯიმნის მიერ შოლცის გამოსვლის თარგმნისას სიტყვების – „აგენტების კანონის“ გამოყენებას. დეპუტატი ამ ფაქტს სითავხედეს უწოდებს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ გლობალური კამპანიაა გაჩაღებული საქართველოს წინააღმდეგ. ამ პროექტის ადამიანები, სადაც კი ხელი მიუწვდებათ, ყველგან ცდილობენ, მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. ჩვენ ეს დავინახეთ კონკრეტულად ამ ქართული წარმოშობის, მაგრამ პროექტის წევრი მოქალაქის მიერ გაკეთებულ არასწორ თარგმანში. იმის სითავხედეც კი ჰყოფნით (იციან, რომ სალომესნაირი შემწყნარებლები ჰყავთ ქვეყნის შიგნით და გარეთ) ასეთი ტიპის ყოვლად გაუგონარი რამ ჩაიდინოს და ოფიციალური პირების გამონათქვამები პირდაპირ ეთერში დამახინჯებით გადმოსცეს.
ეს არის სიმპტომატური. როდესაც შეუძლიათ, რომ ყველაზე უფრო ევროპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე კანონზე იძახონ – „არა რუსულ კანონს“, შეგვიძლია დავინახოთ, უტიფრობის გამოხატულება რა დონეზეა ასული. ეს ყველაფერი არ გვიკვირს, მაგრამ ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებს. გერმანიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ორი რამ: პირველი ის, რომ გერმანია არის საქართველოს ურყევი მხარდამჭერი როგორც ორმხრივ ურთიერთობაში, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის მიმავალ გზაზე; ამავე დროს, გერმანია დიდად აფასებს იმ პოლიტიკურ წონას, რომელიც საქართველომ შეიძინა თავისი გონივრული პოლიტიკიდან გამომდინარე რეგიონში და კონკრეტულად, სამხრეთ კავკასიაში.
აგრეთვე, გერმანიის კანცლერმა გამოთქვა საკმაოდ ზომიერი, მაგრამ უარყოფითი დამოკიდებულება ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, სადაც არც სიტყვა რუსული გამოუყენებია და არც აგენტი, არც ასეთი პროპაგანდისტული კლიშეებისთვის არ მიუმართავს. თქვა, ასეთი კანონი არ გვაქვსო, მაგრამ სხვა საკანონმდებლო აქტებით აქვს გერმანიას გამჭვირვალობის ეს საკითხი მოგვარებული. რაც შეეხება ერთიან დირექტივას, ამაზე გარკვეული მსჯელობა კიდევ მიმდინარეობსო. გარკვეული მსჯელობა მიმდინარეობს იმიტომ, რომ მომავალი არჩევნები ევროპარლამენტში არის ივნისის 5-6 რიცხვში და აქედან გამომდინარე, შეიძლება მომავალ მოწვევის ევროპარლამენტის გადასაწყვეტი იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.