ქადაგიშვილი – დმანისში კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, დმანისში მომხდარი კონფლიქტის ყველა მონაწილის მიმართ კანონი მკაცრად უნდა მოქმედებდეს განურჩევლად ეთნიკური ნიშნისა, რადგან ამ შემთხვევაში, ყველა საქართველოს მოქალაქეა.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, დასაგმობია ის ვითარება, რაც გუშინდელი დღიდან დმანისში სპონტანურად განვითარდა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი და სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს, რადგან ასეთი მოვლენების განვითარების დროს ყოველი საათი ძალიან ძვირფასია და ხელისუფლება უმაღლეს დონეზე უნდა ჩაერთოს იმისთვის, რომ იქ სიტუაცია სასწრაფოდ განიმუხტოს.

„ასეთ დროს მნიშვნელოვანია, კონფლიქტის წარმოშობის პირველივე კერა იყოს სამართლებრივად შეფასებული და დროული რეაგირება გაკეთებული. მთავრობა სრულად დაინტერესებულია, რომ ეს კონფლიქტი აღმოიფხვრას. ყოფითი კონფლიქტი გუშინ ბანალური მიზეზის გამო დაიწყო და მისი ეროვნული და ეთნიკური ნიშნით შემოსვა მიუღებელია ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ასევე რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ ვინმე უნდა იყოს დაინტერესებული კონფლიქტის გაღვივებით, ეს არის ცალსახა მტრობა ქვეყნის მიმართ. წინასწარ ვერ ვიტყვი, პროვოცირებული იყო თუ სპონტანურად, მაგრამ როგორც ჩანს, სპონტანური იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშივაშაძე დმანისში შექმნილ ვითარებაზე – ასეთი გულგრილი დამოკიდებულება საკუთარი მოსახლეობის მიმართ დაუშვებელია
შემდეგი სტატიაჩიხლაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა შევიდეს პარლამენტში, ეს სჭირდება საპარლამენტო საქმიანობას