ქადაგიშვილი არახამიაზე – საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ

დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელს, უკრაინის მმართველი პარტიის „სლუგა ნაროდას“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარეს დავით არახამიას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის შეფასებით, დავით არახამიას განცხადებებმა თვითლუსტრაციის როლი შეასრულა და მან ფაქტობრივად დაადასტურა, რომ „ის არის მოკავშირე რგოლი და მაკოორდინირებელი, ვინც ომის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარ ნაწილს აერთიანებს“.

ქადაგიშვილის აზრით, არახამია დაკავებულია იმით, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები დაიძაბოს და ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდეს.

„როგორც კი შედგა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში და ყოველივე ეს გაუგებრობების დასასრულის მომასწავებელი იყო, მაშინვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე შესრულებული ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად გაკეთებული განცხადებები, სადაც კიდევ ერთხელ, ყოვლად უსაფუძვლოდ და სრულიად დამაზიანებლად ადანაშაულებს საქართველოს რუსეთის მომარაგებაში. ამ პირობებში, თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა და გაფუჭება, სწორედ რუსეთია. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები და ქმედებები. კარგი იქნება თუკი თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. საქართველო უკრაინასთან ურთიერთობაში არის მართალი და გულწრფელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ქადაგიშვილი დავით არახამიას რუსულ კავშირებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას რუსული პასპორტი ჰქონდა.

„მის მიერ დანიშნული ადამიანებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, რუსული პასპორტები ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა დროს რადაში დიდი აჟიოტაჟი იყო ხოლმე. როგორც ჩანს, მან კრემლის მუშაობის სტილი კარგად იცის. ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიშოლცი – ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს
შემდეგი სტატიადანილოვი – უკრაინელები მზად უნდა იყვნენ იმისთვის, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური ან ბირთვული იარაღი