ქაბულის ცენტრში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა

ქაბულის ცენტრში აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ავტომობილით მოძრავმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თავდასხმის სამიზნე ავღანეთის დაზვერვის სამსახურის შენობა იყო. ქვეყნის პრეზიდენტის აშრაფ ღანის განცხადებით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა უცნობია. BBC-ის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 40-ს აღემატება.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აფეთქების რაიონში ინტენსიური სროლის ხმა ისმის.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ უსაფრთხოების ძალებსა და თვითმკვლელის სავარაუდო თანამზრახველებს შორის შეტაკება მიმდინარეობს. უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ტერორისტის ერთ-ერთ მოკავშირეს შესაძლოა, ასევე ჰქონდეს ე.წ. “შაჰიდის ქამარი”.

აფეთქება ავღანეთის დედაქალაქის ცენტრში იმ რაიონში მოხდა, სადაც სამთავრობო შენობები და დიპლომატიური წარმომადგენლობებია განთავსებული, მათ შორის აშშ-ის საელჩო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა “თალიბანმა” უკვე აიღო.

ავღანელმა თალიბებმა გასულ კვირას საგაზაფხულო შეტევის დაწყების შესახებ განაცხადეს.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: გომელაურს სურს ანგარიში თავად წარმოადგინოს
შემდეგი სტატიალადო პაპავამ ჟურნალისტებს რექტორობის 3-წლიანი ანგარიში წარუდგინა