პუტინთან და რუსეთთან საუბარი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ კონტექსტში – ოპოზიცია საპატრიარქოს ინიციატვას აფასებს

უტინთან და რუსეთთან საუბარი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ კონტექსტში – ოპოზიცია მკვეთრად გამოხატავს პოზიციას, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან პოლიტიკური ურთიერთობის გარდა სხვა კონტექსტში ურთიერთობები არ უნდა განიხილონ.

„ევროპული საქართველო“ ჩვენი ქვეყნის ისტორიული მასალების სხვადასხვა ენაზე თარგმნის ინიციატივას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოს არავისთან არაფერი აქვს დასამტკიცებელი.

„პუტინთან და რუსეთთან საუბარი უნდა მიმდინარეობდეს პოლიტიკურ კონტექსტში. მნიშვნელოვანია, რომ ვაღიაროთ და ხაზი გავისვათ, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ საქართველოს ტერიტორიები არის ოკუპირებული, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო არის საქართველოს ტერიტორია, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რუსეთი არის მტერი და საქართველოს უჭირავს მკვეთრად პროდასავლური ვექტორი განვითარების, ამის გარეშე პუტინის ტყუილებზე პასუხის გაცემა არის ფუჭი საუბარი.

მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს იმ საზღვრებში, სადაც არის ე.წ.სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც. ასევე სამეცნიერო წრეებში აღიარებულია ის ისტორია, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ და, შესაბამისად, ჩვენ არავისთან არაფერი დასამტკიცებელი არა გვაქვს. სწორედ ამიტომ ვამბობ, მხოლოდ მტკიცე პოზიცია და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გამიზნული ნაბიჯები და არა პირისპირ დიალოგი, რასაც ითხოვს ჩვენი მთავრობა და ზოგი პრორუსული ძალა, ეს არის აქედან გამოსავალი“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციითაც, აღნიშნული საკითხი განხილვებს არ საჭიროებს. ოპოზიციურ პარტიაში ამბობენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ იცის, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერაა ოკუპირებული, თუმცა საპატრიარქოს ინიციატივას მაინც პოზიტიურად აფასებენ.

„არავითარი აკადემიური განხილვები არ საჭიროებს იმ საკითხს, რომელიც უკვე დამტკიცებულია ისტორიულად, ასევე სამართლებრივად და რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ნორმებით, თუმცა საპატრიარქოს განცხადება ცალსახად უსვამს ხაზს იმას, რომ ბევრი რამ გვაქვს ყველას გასაკეთებელი ერსაც და ბერსაც, იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად გადაიდგას ნაბიჯები და მეორე მხრივ, არ მოხდეს რუსული დოქტრინის შესაბამისად, ისტორიის დამახინჯება. თუმცა ამ საქმეში ხალის ნების გამომხატველი უნდა იყოს ხელისუფლება, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად, მავნებლურად და დამნაშავე პოლიტიკის განმახორციელებლად იქცევა“, – განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აფხაზეთის ტერიტორიები ოკუპირებულია საქართველოს მიერ. რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო გენოციდის მოწყობაშიც დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშითვითმმართველობების იდენტური ტექსტი გაბუნიას წინააღმდეგ – კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – ე.წ. ოპოზიციამ ცინიზმის საოცარ პიკს მიაღწია