პუტინმა სერგეი სკრიპალს გამყიდველი და ნაძირალა უწოდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების ყოფილ ოფიცერს სერგეი სკრიპალს სამშობლოს მოღალატე და ნაძირალა უწოდა. მანამდე პუტინი თავს იკავებდა სკრიპალების მოწამვლაზე კომენტარის გაკეთებისგან. “ვხედავ, რომ ზოგიერთი თქვენი კოლეგა თეორიას ქმნის, თითქოს ბატობი სკრიპალი უფლებადამცველი იყოს. ის უბრალოდ ჯაშუშია. ქვეყნის მოღალატე. არის ასეთი გაგება – ქვეყნის მოღალატე. და ის, აი, ასეთია” – თქვა პუტინმა რუსეთის ენერგეტიკული კვირის სესიაზე ამერიკული ტელეკომპანია “პი-ბი-ესის” კორესპონდენტის შეკითხვაზე. “წარმოიდგინეთ, მოულოდნელად გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ქვეყანას უღალატა. მისდამი როგორი დამოკიდებულება გექნებათ? აქ მყოფი ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ წარმომადგენელს? ის უბრალოდ ნაძირალაა – სულ ეს არის” – დაამატა რუსეთის პრეზიდენტმა და გააგრძელა: “ჯაშუშობა, ისევე, როგორც პროსტიტუცია, მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფესიაა… ზოგჯერ ვუყურებ იმას, რა ხდება იქ, ამ საქმის ირგვლივ და ძალიან მიკვირს. ჩამოვიდნენ ვიღაცა კაცები და იქ უსახლკაროების მოწამვლა დაიწყეს. ეს რა ბოდვაა? დასუფთავებაში მუშაობენ ისინი თუ რა ხდება?” – იკითხა პუტინმა – “ბიბისი” წერს.
ბრიტანეთის მთავრობა სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურებს სდებს ბრალს.
“ეს სკრიპალი, როგორც უკვე გითხარით, მოღალატეა, ის დაიჭირეს, დასაჯეს, თავისი მოიხადა, ჯამში ხუთი წელი იჯდა ციხეში, ჩვენ ის გავუშვით. ის წავიდა და ისევ აგრძელებს ვიღაც სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას და კონსულტირებას” – გააგრძელა პუტინმა სერგეი სკრიპალზე ლაპარაკი.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ბრიტანეთის სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს. მოგვიანებით, ივლისში იმავე ნივთიერებით მოიწამლა ბრიტანეთის ორი მოქალაქე. რამდენიმე ხნის წინ ბრიტანეთმა ეჭვმიტანილების სახელები და გვარები და ფოტოები გამოაქვეყნა. ისინი, ინგლისელი სპეცსამსახურების ვერსიით, რუსეთის უშიშროების სამსახურში მუშაობენ. რუსეთი აღნიშნულთან დაკავშირებით ყველანაირ კავშირს უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიქიმიის დარგში ნობელის პრემია წამლების შესაქმნელი ფერმენტებისთვის მიანიჭეს
შემდეგი სტატიაპოლიტიკური კრიზისი სომხეთში: პაშინიანი დეპუტატების წინააღმდეგ