ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატის კაია კალასის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის ბოლო სარაკეტო დარტყმები აჩვენებს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მშვიდობით დაინტერესებული არ არის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
კალასმა აღნიშნა, რომ „რუსული რაკეტები კვლავ დაუნდობლად ეცემა უკრაინას, რაც უფრო მეტ სიკვდილს და ნგრევას იწვევს“.
„პუტინმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მშვიდობით დაინტერესებული არ არის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა – წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე გადაიხდის უმაღლეს ფასს“, – წერს კალასი.
ინფორმაციისთვის, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია დონეცკის ოლქის ქალაქ დობროპილიას. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11 ადამიანი, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 47-მდე გაიზარდა. დაშავებულებს შორის 7 ბავშვია.