პუტინმა და მერკელმა აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბული მდგომარეობა ტელეფონით განიხილეს

პუტინი და მერკელი სატელეფონო საუბარი

ანგელა მერკელსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ინფორმაციას ლიდერების პრესსამსახურები ავრცელებენ. პუტინმა და მერკელმა აღმოსაველეთ უკრაინაში მზარდი დაძაბულობის საკითხზე ისაუბრეს.

ანგელა მერკელის პრესსამსახურის ცნობით, კანცლერმა რუსულ მხარეს მდგომარეობის დეესკალაციისკენ მოუწოდა.

“განხილულ საკითხებს შორის იყო აღმოსავლეთ უკრაინის ახლოს გაზრდილი რუსული სამხედრო აქტივობა. კანცლერმა სიტუაციის დეესკალაციისთვის (რუსეთს) მოუწოდა ამ სამხედრო შენაერთების გაყვანა.” – ნათქვამია მერკელის პრესსამსახურის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა ასევე განიხილეს სირიის, ლიბიის, ბოსნია ჰერცეგოვინის საკითხები და ალექსეი ნავალნის საქმე.

კრემლის პრესსამსახურის განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა “ყურადღება მიაქცია კიევის პროვოკაციულ ქმედებებს” და ხაზი გაუსვა კიევის მიერ შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას.

“ვლადიმირ პუტინმა ყურადღება მიაქცია კიევის პროვოკაციულ ქმედებებს, რომლებიც ბოლო დროს მიზანმიმართულად ამწვავებს მდგომარეობას კონტაქტის ხაზზე. ხაზი გაესვა კიევის ხელისუფლების მიერ მანამდე მიღწეული შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას, უპირველეს ყოვლისა დონეცკთან და ლუგანსკთან პირდაპირი დიალოგის და დონბასის განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსის გაფორმების საკითხებში” – ნათქვამია პუტინის პრესსამსახურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმიანმარის ელჩი ლონდონში საკუთარი ქვეყნის საელჩოში არ შეუშვეს
შემდეგი სტატია“მოვისმენ, რაც სახალხო დამცველთან აქვს სათქმელი” – ლომჯარია აფგან მუხთარლის შეხვდება