“პუტინმა ბიენალეზე გაიმარჯვა. მე რომ ვენეციის ბიენალეს ხელმძღვანელი ვიყო, რუსული პავილიონის კურატორს ვკითხავდი: „უკაცრავად, სად არის აქ ადგილი რუსი დისიდენტებისთვის?“ ამის ნაცვლად, ყოველ შემთხვევაში, პრესის სტატიების წაკითხვის შემდეგ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსულ პავილიონში არ არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, გამოხატონ სანქციების ქვეშ მყოფი რეჟიმის მიმართ უკმაყოფილება. არ მგონია, რომ ბიენალეს პავილიონში ამჟამად წარმოდგენილი რუსი მხატვრები რუსეთის აგენტები იყვნენ, რომლებიც შენიღბულნი არიან მხატვრებად, მაგრამ თავისუფალი სამყაროს მხატვრებს ნამდვილად აქვთ უფლება, გამოხატონ მოსაზრება და არ დაეთანხმონ თავიანთ მმართველებს“,_ აცხადებს იტალიის კულტურის მინისტრი ალესანდრო ჯული.
ვენეციის თანამედროვე ხელოვნების 61-ე ბიენალე 9 მაისს გაიხსნა. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე პროტესტის ნიშნად ვენეციის ბიენალეს საერთაშორისო ჟიური გადადგა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი წელს აღარ გაიმართა. ჟიურის არარსებობის გამო გამარჯვებულებს მაყურებელი გამოავლენს, ხოლო ჯილდოები მხოლოდ ნოემბერში, ბიენალეს ოფიციალური დახურვის შემდეგ გაიცემა. რუსეთი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ წელს პირველად მონაწილეობს. ორგანიზატორებმა რუსეთის პავილიონი მხოლოდ 6-8 მაისს გახსნეს მოწვეული სტუმრებისთვის. 9 მაისიდან კი, როდესაც ბიენალე ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა, რუსეთის პავილიონი დახურეს. რუსეთის პავილიონის ხელმძღვანელია კომპანია Smart Art-ი, რომელიც ადამდგარი გენერლისა და სახელმწიფო სამხედრო კონგლომერატის, „როსტეხის“ დირექტორის მოადგილის შვილს ანასტასია კარნეევასა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილს ეკატერინა ვინოკუროვას ეკუთვნით.

















