27.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი ერთ კვირაში 3,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის (ВЦИОМ) მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი ერთ კვირაში 3,4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 73,3% შეადგინა. კვლევა 22-28 ივნისს ჩატარდა.

გამოცემა „აგენტსტვოს“ შეფასებით, ეს პუტინის ნდობის რეიტინგის ყველაზე მკვეთრი ერთკვირიანი ვარდნაა, სულ მცირე, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. გამოცემის ცნობით, 2026 წელს მანამდე ყველაზე დიდი კლება აპრილის დასაწყისში დაფიქსირდა, როდესაც ნდობის მაჩვენებელი ერთ კვირაში 1,8 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

ВЦИОМ-ის მონაცემებით, პუტინის საქმიანობას პრეზიდენტის პოსტზე დადებითად აფასებს გამოკითხულთა 66,9%, რაც წინა კვირასთან შედარებით 3,5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. „აგენტსტვოს“ ინფორმაციით, მსგავსი მასშტაბის შემცირება ბოლოს 2024 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

ამავე გამოკითხვის თანახმად, პრეზიდენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს რესპონდენტთა 21,3%, მაშინ როდესაც ერთი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 19,7% იყო.

ამასთან, საზოგადოებრივი აზრის ფონდის (ФОМ) მიერ გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგები განსხვავებულ ტენდენციას აჩვენებს. კვლევის მიხედვით, პუტინის საქმიანობას დადებითად აფასებს რესპონდენტთა 70%, რაც წინა კვირასთან შედარებით 1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. თუმცა, იმავე პერიოდში პუტინისადმი ნდობის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69%-დან 71%-მდე ავიდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სვეტიცხოვლის ტაძრის რეაბილიტაციას იწყებს
შემდეგი სტატიასასამართლომ ალეკო ელისაშვილის ერთ-ერთ საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა