ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა ანტონ კობიაკოვმა სანკტ-პეტერბურგში მიმდინარე საერთაშორისო იურიდიულ ფორუმზე განაცხადა, რომ რადგანაც სსრკ დაშლა არ დაუდასტურებია იგივე ორგანოს, რომელმაც მისი შექმნა გამოაცხადა (სახალხო დეპუტატთა ყრილობას), ეს ნიშნავს, რომ სსრკ-ს ბაზაზე ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნა არ იყო კანონიერი პროცესი და რომ სსრკ ჯერაც არსებობს იურიდიულად. მისი თქმით, ეს იძლევა საფუძველს, რომ უკრაინის საკითხი იყოს განხილული, როგორც “შიდა თემა”. მისივე თქმით, ფორუმზე ეს საკითხი განიხილება, კონსტიტუციური უფლების ჭრილში.
ის, რომ სსრკ ამ დრომდე არსებობს, ყველაზე ცნობილი კონსპირაციული თეორიაა რუსეთში, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც თავს “სსრკ-ს მოქალაქედ” მიიჩნევს. ეს მიდგომა წახალისებულია თავად ხელისუფლების მიერ. მაგალითად, ხელისუფლების რუპორი მომღერალი ოლეგ გაზმანოვი ერთი ძალიან პოპულარული სიმღერის ტექსტში ამბობს: “სდელან ია ვ სოვეტსკომ სოუიზე, სდელან ია ვ სსრ”, ხოლო თავად ვლადიმირ პუტინმა სსრკ-ის დაშლას “უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა” უწოდა.