პუტინის მადას საზღვარი არ აქვს, უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს კარებთან მოვა – ნაუსედა

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შედეგი ბრძოლის ველზე გადაწყდება და არა მოლაპარაკების მაგიდასთან. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომით არ მოგვარდება. კონფლიქტი მოგვარდება ბრძოლის ველზე… მე სხვა ალტერნატივას ვერ ვხედავ და ყველა ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისთვის, რომ ამ ომში უკრაინამ გაიმარჯვოს. სცენარები შეიძლება იყოს ძალიან ბნელი უკრაინისთვის, ლიეტუვისთვის და მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის“, – განაცხადა ნაუსედამ.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არასწორად გათვალა ამ ომის სცენარი.

„პუტინი ელოდა, რომ ისინი რამდენიმე დღეში აიღებდნენ კიევს და რომ ამ ომს არ მოჰყვებოდა სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები რუსეთისთვის. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ასე არ არის“, – თქვა მან.

ნაუსედამ ასევე დასძინა, რომ არ სჯერა პუტინთან მოლაპარაკებების, რადგან არგუმენტებს მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

„ამ რეჟიმის მთავარი იდეოლოგია არის რაც შეიძლება მეტი აგრესია, დაპყრობა, მეზობლებთან ბრძოლა, თავდასხმა… ისინი ცდილობენ აღადგინონ იმპერია, აღადგინონ საბჭოთა კავშირი ამა თუ იმ ფორმით. ეს ნიშნავს დიდ საფრთხეს და რისკებს ყველასთვის“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ნაუსედამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ახალ ტერიტორიებზე თავდასხმას გეგმავს.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ვლადიმერ პუტინის მადას საზღვარი არ აქვს. თუ ის უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ისინი ჩვენს კარზე მოვლენ. არ ვიცი, ვინ იქნება მათი შემდეგი სამიზნე – ბალტიისპირეთის ქვეყნები, შესაძლოა პოლონეთი, შესაძლოა რუმინეთი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა არის ნატოსა და ევროკავშირის ფორმატში რაღაცის გაკეთება, რაც პუტინს შეაჩერებს“, – აცხადებს ნაუსედა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ ეს არ შეუძლიათ, საჯარო გამოსვლები უკრაინაზე, შეამცირონ – პოდოლიაკი
შემდეგი სტატიაარასერიოზულად და სასაცილოდ მიმაჩნია საუბარი რაიმე ტიპის სანქციებზე -პროკურორი ამირან გულუაშვილი