უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, რუსეთმა კიევზე თავდასხმისას, ომის დაწყების შემდეგ, ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობა გამოიყენა.
სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სიბიგამ რუსეთის პრეზიდენტი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „მოსკოვში მყოფი ლიდერი, რომელსაც პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის ეშინია, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აგრძელებს“.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ პუტინის შეჩერება ე.წ. „დაშოშმინების პოლიტიკით“ შეუძლებელია.
„ის კიდევ უფრო შორს წავა, თუ ძალის გამოყენებით ახლავე არ შევაჩერებთ. ამ ტერორის დასასრულებლად საჭიროა მოსკოვზე დამანგრეველი ზეწოლა და უკრაინისთვის ყველა იმ საშუალების მიწოდება, რაც ამ ომის დასასრულებლად არის აუცილებელი“, – აცხადებს ანდრეი სიბიგა.
















