პუტინის ახალი მუქარა და თურქეთის პასუხი…

მიუხედავად თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისა, რომელიც 3 დეკემბერს სერბიის დედაქალაქ ბელგრადში შედგა, თურქულ-რუსული კრიზისის ესკალაცია გრძელდება, რაც გასული დღის მანძილზე ამ ქვეყნების პირველი პირების მიერ ერთანეთის მისამართის გაკეთებული მძაფრი განცხადებებითაც დასტურდება…

3 დეკემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა,  საკუთარი ფედერალური სობრანიეს წინაშე ყოველწლიური შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის მიერ რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების თემასთა დაკავშირებით, რუსეთის მხრიდან სამხედრო პასუხის გაცემის შესაძლებლობა გამორიცხა, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ქვეყანას, მუქარის ტონით,  სამაგიეროს გადახდის პირობა შეუთვალა…

,,მე მართალი გითხრათ საერთოდ არ მესმის რატომ გააკეთეს ეს თურქებმა… თურქეთთან ჩვენ ნებისმიერი მისთვის მტკივნეული საკითხზე თანამშრომლობისთვის მზად ვიყავით…  ჩვენ შეგვეძლო  და მზად ვიყავით, რომ თურქეთთან ისეთ საკითხებზე გვეთანამშრომლა და ისეთი დათმობები გაგვკეთებინა, რასაც მათი მოკავშირეებიც არ უკეთებდნენ… მე მგონი მხოლოდ ალაჰმა იცის, რატომ გააკეთეს მათ ეს საქმე… და როგორც ჩანს, ალაჰმა გადაწყვიტა დასაჯოს თურქეთის მმართველი ხროვა იმით, რომ ჩამოართვა მათ ჭკუა და განსჯის უნარი… ისინი ჩვენგან ვერ ეღირსებიან ნერვიულ, ისტერიულ, ჩვენთვის და მსოფლიოსთვის სახიფათო რეაქციას… წუთიერ, გარე ეფექტებზე და შიდა პოლიტიკურ გამაგრებაზე გათვლილ გადაწყვეტილებებს… ეს არ იქნება. ჩვენს მოქმედებებს საფუძვლად  დაედება პირველ რიგში პასუხისმგებლობა, ჩვენი ხალხისა და მოქალაქეების წინაშე. ჩვენ არ ვაპირებთ იარაღით ჟღარუნს… მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ მუხანათური საამხედრო დანაშაულის ჩადენისა და ჩვენი ხალხის დახოცვის შემდეგ პომიდორებით, რაღაც მშენებლობებისა და ზოგიერთ სფეროში დაწესებული შეზღუდვებით გადარჩება… ისინი ძალიან ცდებიან. ჩვენს კიდევ არაერთხელ შევახსენებთ მათ ჩადენილი დანაშაულის შესახებ და ისინი არაერთხელ ინანებენ იმას, რაც ჩაიდინეს. ამასთანავე ჩვენ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ,, განაცხადა პუტინმა თურქეთის მისამართით.

რუსეთის ხელისუფლების მიმართ საპასუხო განცხადებები გააკეთეს თურქეთის პრეზიდენტმა და პრემიერმაც…

თურქეთის პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა, თურქეთიდან პუტინს კიდევ ერთხელ შეახსენა,  რომ მას არ აუხსნია მსოფლიო საზოგადოებისთვის თუ რა უნდა რუსეთს სირიაში და რისთვის იბრძვის… და კიდევ ერთხელ დაუსვა კითხვა, წავა თუ არა პუტინი ხელისუფლებიდან, თუ ის ვერ დაამტკიცებს, რომ თურქეთის ,,ისლამური სახელმწიფოსაგან,, ნავთობს ყიდულობს…

,,სანქციებით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ და ამის გამო ჩვენგან ვერანაირ დათმობას ვერ ეღირსებიან… ჩვენი ხალხი, რომ მთლად მშიერი და ღია ცის ქვეშ დარჩეს, თავის დამოუკიდებლობას არ დათმობს. რაც შეეხება თურქეთის დადანაშაულებას ,,დაეშიდან,, ნავთობის შესყიდვაზე და ამაში ჩემი ოჯახის წევრების მოხსენიებას… მსგავსი სიმდაბლე რუსეთზე უფრო ადრე, რუსეთის მოკავშირე ირანის ტელევიზიამ გააჟღერა, რაზეც მე შევუთვალე მათ, რომ ამის პასუხის მკაცრად მოეთხოვებოდა ირანს… სინამდვილეში ვინ ყიდის და ყიდულობს ,,დაეშის,, ნავთობს, ყველამ კარგად იცის… ეს, რუსული და სირიული მოქალაქეობის მქონე ჯორჯ ჰაშავია… ის ყველაზე დიდი მყიდველია ამ ნავთობის და მას,  თან სირიის რეჟიმზე ჰყიდის, თან საერთაშორისო კონტრაბანდისტებზე… და კიდევ ერთი რუსი, საჭადრაკო სამყაროს  წარმომადგენელი (იგულისხმება ფიდე-ს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი რედ.)… ამ ხალხის მხრიდან ,,დაეშის,, ნავთობის გაყიდვასთან დაკავშირებული დანაშაული აშშ-მ და საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაადასტურა… ჩვენც გვაქვს ჩვენი მტკიცებულებები მათ წინააღმდეგ, რასაც წარმოვადგენთ… მე კიდევ ერთხელ ვეუბნები პუტინს, რომ თუ ის წარმოადგენს თურქეთის მიერ ,,დაეშისაგან,, ნავთობის ყიდვის მტკიცებულებებს, მე გადავდგები პოსტიდან… თვითონ თუ არის მზად, წავიდეს პოსტიდან თუ ეს ბრალდება არ დადადსტურდა?,, აცხადებს ერდოღანი.

ბაქოში 3 დეკემბერს ვიზიტად მყოფმა თურქეთის პრემიერმა,  პროფესორმა აჰმეთ დავუთოღლუმ, რომელიც პოლიტიკური მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხის მფლობელია, რუსეთისა და პუტინის მუქარას უფრო ლაკონური პასუხი გასცა.

,,ცივი ომის პერიოდში საბჭოეთის პროპაგანდისტული მანქანა ასე მოქმედებდა… ყოველ დღე ახალ-ახალ ტყუილებს იგონებდნენ… ჯერ თვითონ იჯერებდნენ ამ ტყუილებს და მერე ცდილობდნენ მთელი მსოფლიო დაეჯერებინათ ამ ტყუილებში. ახლა არც ცივი ომია და არც საბჭოეთი, მაგრამ ამ დროისთვის რუსეთში საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ისევ მოქმედებს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საბჭოთა პროპაგანდას ახლა არავინ ენდობა,, განაცხადა დავუთოღლუმ.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი შეიძლება გარიცხონ შენგენის ზონიდან
შემდეგი სტატიარუსეთი ბრიტანეთისაგან სამხედრო ოპერაციების ასადთან შეთანხმებას მოითხოვს…