რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებას რთავს საერთაშორისო სასამართლოს მიერ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს.
ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო ევროპული სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას რუსეთის კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებად ჩათვლის, რუსეთს უფლება ექნება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვას.
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ კანონპროექტი 4 დეკემბერს მიიღო, 9-ში კი დოკუმენტი ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორების მოსაზრებით, ახალი კანონპროექტი რუსეთის “სამართლებრივ სუვერენიტეტს” უზრუნველყოფს და საერთაშორისო სასამართლოების „მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს შეეწინააღმდეგება.“