პუტინი უკრაინულ დრონებს ჯავშანმატარებლით ემალება და საფრთხის თავიდან ასაცილებლად ყალბ კორტეჟებს აგზავნის.
ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. მათივე ცნობით, დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ რუსული ტელევიზია უკვე დიდი ხანია იყენებს წინასწარ ჩაწერილ ვიდეოებს, რომლებსაც მაყურებელს ახალ ამბებად აწვდიან. გამოცემა წერს, რომ პარალელურად, დიქტატორის დაცვის სამსახური უსაფრთხოების ახალ-ახალ ხერხებს იგონებს, რათა ის უკრაინული დრონებისგან დაიცვას.
The New York Times-ის ინფორმაციით, სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცრუ ცნობები კრემლის მეთაურის რეალური ადგილსამყოფელის შესახებ.
სტატიაში ნათქვამია, რომ ბოლო კვირებში რუსმა დიქტატორმა შესამჩნევად გაახშირა ვიზიტები ქვეყნის მასშტაბით და სამ კვირაში ექვსი ქალაქი მოინახულა. ეს ნაბიჯი მისი რეიტინგის ვარდნის ფონზე გადაიდგა და სავარაუდოდ, ემსახურება მცდელობას, აჩვენოს სიტუაციაზე კონტროლი და ხალხის მხარდაჭერა.















