პუტინი უკრაინას სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას სთავაზობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. ის კიევს პირდაპირი საუბრების დაწყებას 15 მაისიდან სთავაზობს. ამის შესახებ მან კრემლში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

პუტინის მტკიცებით, სტამბოლის პირდაპირი მოლაპარაკებები 2022 წელს თავად უკრაინულმა მხარემ ჩაშალა.

“კიევის ხელისუფლებას ვთავაზობთ განაახლონ მოლაპარაკებები, რომლებიც თავად შეწყვიტეს 2022 წლის ბოლოს, განაახლონ პირდაპირი მოლაპარაკებები, წინასწარი დათქმების გარეშე. გაჭიანურების გარეშე დაწყებას ვთავაზობთ უკვე მომდევნო ხუთშაბათიდან, 15 მაისიდან, სტამბოლში, იქ, სადაც [მოლაპარაკებები] ადრე ტარდებოდა და იქ, სადაც ის შეწყვიტეს.” – თქვა პუტინმა.

პუტინმა ასევე არ გამორიცხა, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების შემთხვევაში უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მისივე თქმით, 11 მაისს ის თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება და უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხს განიხილავს.

“ჩვენი შეთავაზება, როგორც იტყვიან, მაგიდაზეა, ახლა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უკრაინის ხელისუფლებამ და მათმა კურატორებმა, რომლებიც საკუთარი პირადი პოლიტიკური ამბიციებით ხელმძღვანელობენ და არა საკუტარი ხალხის ინტერესებით.” – დაამატა პუტინმა.

პუტინის მტკიცებით, მას უკრაინაში ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა სურს.

“ჩვენ მიზანდასახულები ვართ უკრაინასთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის. აზრი ისაა, რომ ამოვძირკვოთ კონფლიქტის თავდაპირველი მიზეზები, მივაღწიოთ ხანგრძლივ შეთანხმებას, მტკიცე მშვიდობას ისტორიული პერსპექტივით. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკებების ფარგლებში შევძლოთ შეთანხმება რაღაც სახის ახალ დაზავებებზე, ახალ ცეცხლის შეწყვეტაზე, რეალურ დაზავებაზე.” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, “დასავლელ კოლეგებს გულწრფელად სურთ კონფლიქტის რეგულირება”.

პუტინმა ამ განცხადებით ფაქტობრივად უარი თქვა 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელსაც მხარს აშშ და დასავლელი პარტნიორები უჭერდნენ.

სიტყვით გამოსვლის დროს პუტინმა უკრაინა წარსულში გამოცხადებული ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შეთანხმებების დარღვევაში დაადანაშაულა. მან ისაუბრა 8-9 მაისის დროებით ცეცხლის შეწყვეტაზეც, რომელიც თავად გამოაცხადა, თუმცა უკრაინულმა მხარემ არ მიიღო.

აქამდე, 10 მაისს კიევს ესტუმრნენ გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და საფრანგეთის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ერთობლივ განცხადებაში ევროპელმა ლიდერებმა რუსეთს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის დათანხმებისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეების თქმით, უკრაინის სამხედრო მომარაგებას გაზრდიან და რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებენ.

ევროპელი ლიდერების ვიზიტის შემდეგ უკრაინის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მზად იყვნენ 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის ხმელეთზე, ცასა და ზღვაში, რომელიც, თანხმობის შემთხვევაში, 12 მაისიდან ამოქმედდებოდა.

banner
წინა სტატიაშიკირ სტარმერმა განაცხადა, პუტინი თუ ზურგს აქცევს მშვიდობას, ევროპელებს ექნებათ საპასუხო რეაქცია
შემდეგი სტატიატრამპი: პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი სისხლისღვრა, იმედია, დასრულდება