რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანა არ აპირებს საერთაშორისო პარტნიორებისგან დახმარების თხოვნას და აქცენტს ეკონომიკურ და სოციალურ სტაბილურობაზე გააკეთებს.
რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საარჩევნო კამპანიისა და პოლიტიკური სისტემის სიმტკიცეს.
„ჩვენს გატეხას ან დაშინებას ვერავინ შეძლებს. მაღალმა აქტივობამ და საარჩევნო კამპანიის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მრავალპარტიული პოლიტიკური სისტემის სიმტკიცე და ხალხის ერთიანობა ისტორიული გამოწვევების წინაშე“, — განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ქვეყნის პრიორიტეტი მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად ეროვნული პროექტებისა და სოციალური ვალდებულებების შესრულებაა.
„მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, ჩვენ უნდა დავაფინანსოთ ყველა ეროვნული პროექტი და ფედერალური პროგრამა. სახელმწიფოს სოციალური ვალდებულებები მოქალაქეების წინაშე სრულად უნდა შესრულდეს“, — აღნიშნა მან.
პუტინმა ასევე ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობებსა და დასავლეთის სანქციების ფონზე რუსეთის პოზიციაზე.
„რუსეთი, ზოგიერთების მსგავსად, არ ირბენს მთელ მსოფლიოში და დამამცირებლად, გაწვდილი ხელით მოწყალებას არ ითხოვს. პირველი, იმიტომ რომ ეს დამამცირებელია. მეორე, იმიტომ რომ არავინ არაფერს მოგვცემს. და მესამე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ეს არ გვჭირდება“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.








