კიევის რეჟიმი მთელი შეხების ხაზის გასწვრივ უკან იხევს და ამიტომ ღიად ტერორისტულ ქმედებებს მიმართავს,- აცხადებს პუტინი თავისივე პარტიის, “ერთიანი რუსეთის” წინასაარჩევნო ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.
მან უკრაინის ომში მონაწილე რუს სამხედროებს “ნამდვილი ელიტა” უწოდა. სიტყვით გამოსვლაში პუტინმა სექტემბრის არჩევნებს “რუსეთის განმტკიცებისა და სტაბილურობის მნიშვნელოვანი ეტაპი” უწოდა და განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესი “დაცული იქნება გარე გავლენისა და მანიპულაციებისგან”.
“რუსეთი ყოველთვის ძლიერი იყო და ხალხის ერთიანობის წყალობით იმარჯვებდა. რუსეთი მტკიცედ დგას ფეხზე და აცხადებს თავის ფუნდამენტურ ინტერესებს და მზადაა მათთვის იბრძოლოს. დასავლეთს არ შეუძლია რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე, ამიტომ ის ცდილობს პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას, თუმცა ესეც წარუმატებელია”,- თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, რუსეთს ახლა “საბედისწერო დრო უდგას, თუმცა მისი დამარცხება ბრძოლის ველზე შეუძლებელია”. ამავე ყრილობაზე პუტინმა თქვა, რომ „ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი, თუ მისი ხალხი და ქვეყანა თავისუფალი არ არის“. მისივე თქმით, “რუსეთი მხოლოდ ძლიერი და დამოუკიდებელი ძალა შეიძლება იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღარ იარსებებს”.
პუტინი ასევე ამბობს, რომ”დასავლური ელიტები ცდილობენ რუსეთში შიდა არეულობის დათესვას, მაგრამ ვერ ახერხებენ”. მისივე თქმით, “რუსეთის შიდა განვითარების მიზნები – დემოგრაფია, ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება მთელ რუსეთში – მიღწეული იქნება”.
















