„პუტინი იქცევა იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა მოიჭერი… დგას ახლა ხელისუფლება და ფიქრობს მოიჭრას თუ არა-ხუხაშვილი

ახალი რეალობა და პოლიტიკური დირექტივა რუსეთის პრეზიდენტისგან, რასაც უმკაცრესი საერთაშორისო რეაგირება უნდა მოჰყვეს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი პუტინის მიერ დაწერილ ახალ ისტორიაზე საერთოდ დუმს და ჟურნალისტების შეკითხვებს გაურბის. ექსპერტები და ანალიტიკოსები ხელისუფლებას პუტინთან რევერანსების ნაცვლად, მოქმედებას ურჩევენ, რადგან რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ახალი ისტორია უფრო დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე თუნდაც ყველაზე მკაცრი სანქციები. ექსპერტები ამბობენ, რომ ვლადიმერ პუტინის ამ განცხადებაზე ადეკვატური რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტს ახლა მარაოს უნიავებს.

„პუტინი ახლა იქცევა კლასიკური იაკუძას პრინციპით. გეშინია?! ერთგულებას მიმტკიცებ?!-ნეკა თითი მოიჭერი და დგას ახლა ჩვენი ხელისუფლება და ფიქრობს რა, მოვიჭრა თუ არ მოვიჭრა. ნაწილობრივ უკვე მოჭრილი აქვთ. ნახევარი სისხლი უკვე გამოშვებული აქვთ. პრეზიდენტის განცხადება ეს არის პოლიტიკური დირექტივა. მათ შორის დელეგაციებისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. ისტორიის გადაწერა ხდება პოლიტიკური მიზნით. სამწუხაროდ, ნახეთ რა გააკეთა პუტინმა, ერთის მხრივ დაკიდა სანქციები და მეორეს მხრივ დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე. გვითხრა ესეთი რაღაცა რომ არ გინდათ სანქციები?! თუ არ გინდათ მაშინ თქვენ კი არ ხართ ოკუპანტები და დესერტად კიდევ მიირთვით ის რომ ოსების გენოციდი ჩაგიტარებიათ თურმე. აი ეს მოჰყვა რას, ეს მოჰყვა იმას, რომ ხელისუფლებამ მოახდინა შიშის დემონსტრირება რასაც შედეგად მოჰყვა პუტინის ამ ტიპის საკმაოდ კარგად გააზრებული მასტერკლასი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტები ამბობენ, რომ პუტინმა სახიფათო ნაღმი ჩადო, რომელზეც ხელისუფლებას მყისიერი რეაქცია უნდა ჰქონოდა. სპეციალისტების თქმით, პრეზიდენტს და პრემიერს ნაცვლად იმისა, რომ გაბუნიას განცხადებებზე აღშფოთდნენ, ურჩევნიათ მყისიერი რეაგირება მოახდინონ პუტინის განცხადებაზე.

„ეს არის ძალიან სახიფათო ნაღმი, რომელზეც ჩვენი მყისიერი რეაქციაა საჭირო. რუსეთმა თავის ისტორიას მიხედოს ჯობია, რომელიც ნორმალურად დაწერილიც არ აქვს და ვისი რა აქვს წართმეული დღემდე არ იციან რუსებმა თავიდან ბოლომდე. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან არის საჭირო ძალიან კარგი კონტრარგუმენტები ამაზე და იმაზე საუბარი, რომ ეს არის ძალიან საბჭოთა ტრადიციებში სტატუს კვოს ისტორიულ პრეცედენტად გაყვანა. ანუ დღეს რაც აქვს, ტიპი იმას გიმტკიცებს, რომ ყოველთვის ესე იყო. რომ შენ უფრო ადვილად შეეგუო. ამაზე არრეაგირება და სიჩუმე რაც დღეს ხდება… რომ გამოვარდა ბატონი პრემიერი და პრეზიდენტი და პირველ დღეს ლანძღა გაბუნია, ახლა გამოვიდნენ და ლანძღონ პუტინი. რატომ არ იმას შვრებიან? გაბუნიამ პუტინს შეაგინა პუტინმა კიდევ საქართველოს შეაგინა. რომელი უფრო უარესია? შესაბამისად ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს თუ გავატარეთ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეგვექმნას,“-განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცველებმა იმ დაზარალებულების დაკითხვა დაიწყეს, ვინც 20 ივნისის ღამეს ფინანსური ზიანი მიიღეს
შემდეგი სტატიაარაფერია სამარცხვინო იმაში, რომ ელაპარაკო მსოფლიოს ლიდერებს სხვადასხვა ფორმატებში და სთხოვო დახმარება – გიორგი კეპულაძე