პუტინი ანტიდასავლური სამთა კავშირის შექმნას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ძალიან აქტიურად იღწვის, რათა სირიის კონფლიქტში ჩართული სამი ქვეყნისაგან (რუსეთი, თურქეთი, ირანი)  ახალი ანტიდასავლური გაერთიანება შექმნას და  სირიაში გავლენებთან ერთად, დიქტატორ ბაშარ ასადის რეჟიმი შეინარჩუნოს.

ოფიციალური მოსკოვის ცნობით, სოჭში 22 ნოემბერს გამართული სამმხრივი შეხვედრების ძირითადი საკითხი, რომელშიც რუსეთის, თურქეთის და ირანის პრეზიდენტები – ვლადიმერ პუტინი, რეჯეფ ტაიპ ერდოღანი და ჰასან როჰანი მონაწილეობენ, სირიაში არსებული უსაფრთხოების პრობლემები, ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში თანამშრომლობისა და სირიაში დეესკალაციის ზონების განხილვაა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტებთან ერთად, ორმხრივ და  სამხრივ შეხვედრებზე იმყოფებიან სამხედრო სარდლობაც, სამივე ქვეყნის გენერალური შტაბის ხელმძღვანელების სახით.

როგორც რუსულმა მედიამ გადმოსცა, ერდოღანი და როჰანი უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და ახლა მათი პუტინთან შეხვედრა ელოდებათ… საღამოს კი, ორი ,,მეგობარი,, პრეზიდენტის პატივსაცემად, პუტინი ოფიციალურ ვახშამს გამართავს.

აღსანიშნავია, რომ პუტინი როგორც ზემოხსენებულ სამმხრივ ფორმატს, ასევე ასტანას სამიტს, აქტიურად იყენებს სირიაში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად. რაც შეეხება თურქეთს, მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანის ხელისუფლებას ასადის რეჟიმთან დიდი ხნის მტრობა აკავშირებს, მას სირიაში ამერიკელების მხარდაჭერით, ქურთების ,,სირიის თავდაცვითი ძალების,, (SDF) გაძლიერება აშფოთებს, რამაც მისი პოზიციები ასადის რეჟიმის უკან მდგარ რუსეთთან და ირანთან დააახლოვა. თავის მხრივ, აშშ-ს კიდევ ერთი ტრადიციული მტერი და რუსეთის პარტნიორი ირანიც ფიქრობს სირიაში პოზიციების განმტკიცებაზე და პუტინ-ასადის რეჟიმთან მჭიდრო კოორდინაციით, ,,ისლამურ სახელმწიფოს,, პარალელურად სირიაში ქურთების პოზიციების შევიწროებაზე მუშაობს. როგორც ცნობილია,  ,,ქურთების პრობლემა,, თურქეთთან ერთად ირანსაც აწუხებს.

რაც შეეხება სირიის დემოკრატიულ ოპოზიციად წოდებულ ,,სირიის თავდაცვის ძალებს,, რომელსაც ერდოღანის ხელისუფლების მიერ ტერორისტებად და აბდულა ოჯალანის მიმდევრებად გამოცხადებული ქურთები წარმოადგენენ, ისინი ამ დროისთვის სირიაში მოქმედი, აშშ-სა და დასავლეთის დასაყრდენი ერთადერთი ძალა არიან, რომელთაც აშშ დაუფარავად აიარაღებს.

უნდა ითქვას, რომ ,,ახალი სამთა კავშირის,, საქმეს ართულებს აშშ-ს პრეზიდენეტ დონალდ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის მტკიცე პოზიცია სირიის დიქტატორის მიმართ… ის, რომ ასადი უნდა წავიდეს…  ,,ასადის წასვლის გარეშე სირიაში მშვიდობა არ იქნება,, აცხადებენ თეთრ სახლში.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაზე „თაიმერისთვის“ სკანდალური ვერსია ხდება ცნობილი
შემდეგი სტატია“ბოკო ჰარამმა,, ნიგერიაში 50 ადამიანი დახოცა