პუტინი აბსოლუტურ ჩიხშია, მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ობიექტური მიზეზების გამო – ბუდანოვი

„უკრაინა იბრძოლებს მანამ, სანამ მისი ტერიტორიიდან რუსულ ჯარს სრულად არ განდევნის“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მე არ ვიცი საზღვრები, გარდა 1991 წლის საზღვრებისა“, – აღნიშნა ბუდანოვმა. როგორც თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ვებგვერდზეა აღნიშნული, ბუდანოვი გულისხმობდა უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის წელს.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინას სასწრაფოდ ესაჭიროება საშუალო და შორი მოქმედების სარაკეტო სისტემები, დიდი კალიბრის არტილერია და დამრტყმელი თვითმფრინავი.

„ჩვენ ვაწარმოებთ ომს საკუთარ ტერიტორიაზე. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს შეზღუდვები გარკვეული ტიპის იარაღების გამოყენებაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთი აქ იყენებს აბსოლუტურად ყველა სახის იარაღს, რაც აქვს, დაწყებული ფრთოსანი რაკეტებიდან, რომელსაც წყალქვეშა ნავებიდან უშვებენ, დამთავრებული სტრატეგიულ ბომბდამშენებამდე. აქ რუსული იარაღის მთელი დიაპაზონი გამოიყენება, გარდა ბირთვულისა“, – განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვმა, ასევე, დასძინა, რომ პუტინს არ შეუძლია ეს ომი მოიგოს.

„პუტინი აბსოლუტურ ჩიხშია. მას არ შეუძლია ომი შეაჩეროს და არ შეუძლია მოიგოს. მას არ შეუძლია გაიმარჯვოს ობიექტური მიზეზების გამო. ამის შესაჩერებლად მან უნდა აღიაროს, რომ რუსეთი სულაც არ არის ისეთი ძლიერი და დიდი ძალა, როგორიც მას სურდა. ამავდროულად, რუსული სისულელე მაკვირვებს. ყველა იმ ვარიანტს შორის, რაც პუტინს ჰქონდა ომის დაწყებამდე, მან აირჩია ყველაზე სასტიკი და ყველაზე ცუდი ვარიანტი. რუსი ექსპერტები მას აფრთხილებდნენ, რომ ეს ვარიანტი ბოლოა და ძალიან ფრთხილად უნდა შეფასდეს. ახლა ჩვენ ვხედავთ შედეგს“, – შეაჯამა შიდა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში სკოლა დაბომბეს – 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
შემდეგი სტატიაSME Banking Agency-მ საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი საუკეთესოდ დაასახელა