5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

“პურის მცხობელთა ასოციაცია” ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემცირებას ითხოვს

C

“პურის მცხობელთა ასოციაცია” ფქვილზე საიმპორტო გადასახადის შემცირებას ითხოვს. ასოციაციაში განმარტავენ, რომ ფქვილის იმპორტზე დაწესებული 15-ლარიანი გადასახადი პურის თვითღირებულებას აწვება.

„პურის მცხობელთა ასოციაციის” ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ საუბარია იმ ე.წ. „დამაბალანსებელ გადასახადზე“ რომელიც რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილზეა დაწესებული, რაც ადგილობრივ მეპურეებს ფქვილის შესასყიდ ფასებს უძვირებს.

მალხაზ დოლიძის განმარტებით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ ქვეყანაში იმპორტირებულ ფქვილზე სპეციალური მოსაკრებელი მოქმედებს, რომელიც დროთა განმავლობაში ეტაპობრივად გაიზარდა. ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს.

მისივე თქმით, ეს გადასახადი ფქვილის შესყიდვისა და პურის წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის:

„ეს ნიშნავს, რომ ერთ ტონა ფქვილზე დამატებით, 300 ლარის გადახდა გვიწევს, რამაც გარკვეული უსიამოვნება და სირთულეები წარმოშვა სექტორში.“

მისივე განმარტებით, გადასახადის შემოღებას თავისი ლოგიკური საფუძველი ჰქონდა – ადგილობრივი წისქვილკომბინატების გადარჩენა. თუმცა, მალხაზ დოლიძის თქმით, დღევანდელი მოცემულობით, „დაბალანსების“ ნაცვლად, პროცესი მცხობელების დაზარალებისკენ მიდის.

„ადრე ეს გადასახადი იმიტომ დაწესდა, რომ ქართულ წისქვილებსა და გადამმუშავებელ მეწარმეობას ემუშავა. ფქვილი იმპორტით ძალიან დაბალ ფასებში შემოდიოდა, რამაც ქართული წისქვილები ლამის გააჩერა. ნამდვილად ვეთანხმები, რომ ქართული წისქვილი უნდა მუშაობდეს. ნორმალურია, როცა შენც მუშაობ და მეც, მაგრამ ხელშეწყობის ღონისძიებები ისე უნდა ტარდებოდეს, რომ არცერთ მხარეს არ ეტკინოს. აი, ეს არის მთავარი,“ – განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

მალხაზ დოლიძე გამოსავალს აღნიშნული ტარიფის შემცირებასა და მიღებული თანხების მიზნობრივ გამოყენებაში ხედავს. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტმა ამ გადასახადიდან სოლიდური სარგებელი ნახა, რომელიც შესაძლოა ისევ სოფლის მეურნეობას მოხმარდეს.

მთავრობამ ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2023 წელს შემოიღო. გადასახადი დაწესებულია ქერსა და ქატოზეც. მიზეზად ხორბლის ადგილობრივი ბაზრის დაცვა დასახელდა. მეხორბლეები აცხადებდნენ, რომ რუსეთიდან იმპორტირებულ ფქვილთან კონკურენცია უჭირდათ და ადგილობრივი ხორბალი ჩაუბარებელი რჩებოდა.

banner
წინა სტატიაშიკირ სტარმერი: დიდი ბრიტანეთი კვიპროსში სამხედრო გემს გზავნის
შემდეგი სტატიასაგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“ დაემატება