პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის 21 მაისის ბრძანების საფუძველზე, გამოცემა „პუბლიკას“ საკანონმდებლო ორგანოში აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა.
ბრძანების მიხედვით, ამ გადაწყვეტილების მიზეზად დასახელებულია ის, რომ საგაზაფხულო სესიის პერიოდში (19.02.2026-15.05.2026) „პუბლიკას“ აკრედიტებული ჟურნალისტები ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში პარლამენტში არ იმყოფებოდნენ. გამოცემას საკანონმდებლო ორგანოში სულ 4 აკრედიტებული რეპორტიორი ჰყავდა.
როგორც „პუბლიკას“ პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მუხლის მითითებით მედიასაშუალებას აკრედიტაცია ვადაზე ადრე გაუუქმდა. ცნობისთვის, ეს წესი ძალაში 2023 წლიდან შევიდა, თუმცა აქამდე პრაქტიკაში არ გამოუყენებიათ.
პარლამენტის იმავე გადაწყვეტილებით, იდენტური მიზეზით აკრედიტაცია შეუწყდათ „სტუდია მონიტორის“ ჟურნალისტებსაც.
















