“ფრთხილად, არაპოპულარული აზრებია”- რას წერს პოლიტოლოგი გია ნოდია

region
ავტ.: region ნოემბერი 2, 2020 16:45

“ფრთხილად, არაპოპულარული აზრებია”- რას წერს პოლიტოლოგი გია ნოდია

“ფრთხილად, არაპოპულარული აზრებია!!!!!”-ამ სლოგანით პოლიტოლოგი გია ნოდია, ვრცელ პოსტს აქვეყნებს და არჩევნების ჩატარებას და შედეგებს ეხმაურება.

მისივე თქმით არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და პროტესტი ბუნებრივი რეაქციაა.

“1. ცხადია, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან სერიოზული დარღვევებით. ეს დარღვევები მოიცავს როგორც წინასაარჩევნო პერიოდს (ამის მაგალითია უდანაშაულო ადამიანების, ივერი გელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრება მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლებისთვის ჩრდილის მისაყენებლად), ისე არჩევნების დღეს.

2. დაუშვებელია, თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამ გადაყლაპოს. სერიოზული პროტესტი ბუნებრივი და სამართლიანი რეაქციაა.

3. მაგრამ უნდა დავსვათ, შესაძლოა, ფსიქოლოგიურად არაკომფორტული კითხვა: რას ემსახურება პროტესტი, ემოციის გამოხატვას (ანუ „ორთქლის გამოშვებას“) თუ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მიღწევას? ამაზე ნათელი პასუხი ჯერ არ მაქვს.

4. პოპულარული ლოზუნგია პარლამენტის ბოიკოტი. რა შედეგს ვაღწევთ ამ შემთხვევაში? ამას ცხადად ვერავინ ხსნის. აქ შედარების ობიექტი უნდა იყოს 2008 და არა 2003 წელი. „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად ექნება 76 მანდატზე მეტი, რაც სავსებით საკმარისია, რომ პარლამენტი ფორმალურად ლეგიტიმური იყოს და იმუშაოს (2003 წელს, „ახალი მემარჯვენეები“ რომ არ მისულიყვნენ პარლამენტში, შევარდნაძეს ამის შანსი არ ექნებოდა). რა მოუტანა 2008 წლის ოპოზიციას პარლამენტში არშესვლამ? არაფერი შემდგომი მარგინალიზაციის გარდა. 2011 წელს ციდან წმინდა ბიძინა რომ არ ჩამოფრენილიყო, ოპოზიცია ფაქტობრივად აღარ არსებობდა.

5. საუბრობენ ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე. ის ნამდვილად საჭიროა, მაგრამ პარლამენტის ბოიკოტის იდეასთან მიმართებით მას მნიშვნელობა არა აქვს: პარლამენტში ყველა ოპოზიციური პარტია შევა, არცერთი თუ ზოგიერთი, პარლამენტი მაინც ერთნაირად უფლებამოსილი იქნება.

6. ცხადია, ოპოზიციის არშესვლით ეჭვის ქვეშ დადგება პარლამენტის არაფორმალური ლეგიტიმურობა. მაგრამ ვის თვალში? თუ საერთაშორისო საზოგადოებას ვგულისხმობთ, მთავრობაზე მეტად ამ შემთხვევაში ოპოზიცია დაზიანდება. საერთაშორისო რეაქციების ძირითადი გზავნილი ცალსახაა: დარღვებები სამწუხაროა, მაგრამ არჩევნების ლეგიტიმურობის არცნობა გადაჭარბებული რეაქციაა.

7. თუ საუბარია პარლამენტის ლეგიტიმურობაზე ქართველი ხალხის თვალში, ბოიკოტს გამართლებულად ჩათვლის მხოლოდ ის, ვინც ისედაც უკიდურესად ნეგატიურადაა განწყობილი ხელისუფლების მიმართ. „მდუმარე უმრავლესობისთვის“, ვისი აზრიც დემოკრატიაში გადამწყვეტია, ასეთი ქცევა მხოლოდ ოპოზიციის გადაჭარბებული რადიკალიზმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რასაც ისევ „ოცნება“ დაიხვევს ხელზე.

8. მე-6 და მე-7 პუნქტში გაკეთებული შეფასებებისთვის მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, სახელდობრ რამდენად დიდი იყო საარჩევნო დღის დარღვევების მასშტაბი. „ფორმულის“ ეგზიტ-პოლით (რომელსაც პრომთავრობულ მიკერძოებას ჭკუათმყოფელი ვერავინ დააბრალებს) „ოცნებამ“ 46% მიიღო. არსებითად იგივე შედეგი აქვს ხმების პარალელურ დათვლას ISFED-ის მიერ. ამ უკანასკნელმა დაუშვა, რომ ბიულეტენებში აღმოჩენილი შეუსაბამობებიდან გამომდინარე, კიდევ 4 პროცენტი შეიძლება დავაყენოთ კითხვის ქვეშ, მაგრამ ეს მხოლოდ დაშვებაა, ისიც მაქსიმალური. პოლიტიკურად შედარებით ნეიტრალური დამკვირვებლის ცნობიერებაში დაილექება აზრი, რომ ალბათური (მაგრამ არა დამტკიცებული) განსხვავება ოფიციალურ და სავარაუდო რეალურ შედეგებს შორის 2-4 პროცენტია; ცხადია, ესეც ბევრია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ არჩევნების ზოგადი შედეგი არალეგიტიმურად ცნო. დასავლურ დემოკრატიებში, პარტია რომ 43-45%-ს იღებს პროპორციულ არჩევნებში, ეს დამაჯერებელ გამარჯვებად ითვლება; მით უმეტეს, თუ ის, გარდა ამისა, მაჟორიტარულ კომპონენტში ძალიან ძლიერ შედეგს აღწევს.

9. რა არის გამოსავალი? უნდა გაგრძელდეს პროტესტები, მაგრამ მათი მიზანი მიღებული ხმების დაცვა და ოფიციალური შედეგების სამართლიან შედეგებთან მიახლოება უნდა იყოს, თუნდაც ეს ოპოზიციის საერთო გამარჯვებას არ ნიშნავდეს.

10. უფრო რადიკალური მოთხოვნების (მაგალითად, არჩევნების შედეგების ზოგადი გაუქმების) დაყენებაც შესაძლებელია, მაგრამ, დიდი ალბათობით, მათ ვერ მივაღწევთ; მით უმეტეს, ამ შემთხვევაში „ოცნება“ დასავლეთის მხარდაჭერითაც შეიარაღდება. გამოვა, რომ ოპოზიციამ გაუთვლელად გაამწვავა სიტუაცია და დამარცხდა, რაც ისევ მთავრობას გააძლიერებს (როგორც 2009 წლის პროტესტებმა გააძლიერა „ნაციონალური მოძრაობა“).

კი, ძალიან დიდ ნეხვში ვართ და ამ ნეხვიდან ამოსვლა ადვილი არ იქნება. ეს დიდი ხანია ვიცით (ზოგმა 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, ზოგი ცოტა გვიან მიხვდა), მაგრამ უნდა ვეცადოთ, ამ ნეხვში კიდევ უფრო არ ამოვიგანგლოთ და ამით პლუს სასაცილოებიც არ გავხდეთ. ამ არჩევნებმა გაგვაწბილა, მაგრამ მისი მძიმე შედეგი კიდევ უფრო არ უნდა დავამძიმოთ.”-წერს პოლიტოლოგი.

region
ავტ.: region ნოემბერი 2, 2020 16:45