„პროვოკატორებიდან ორი ადამიანი ვიცანი – ისინი სხვა ანტიქართულ აქციაშიც მინახავს!“

უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე 11 მარტის მოვლენებზე უცნობ სკანდალურ დეტალებს ყვება

 

„აჭარაში საპატრულო პოლიციის მუშაობას ტიპურ საბჭოთა გადმონაშთს დავარქმევდი. ბათუმში პატრული დღისით ან გზების გადასაკეტად გამოდის, ან ღამით, მთვრალი მძღოლის გამოსავლენად არადა, ბევრჯერ ნახავთ ბათუმში, გათიშულ შუქნიშანთან მანქანების ქაოტურ მოძრაობას, სადაც პატრული იშვიათად ჩნდება. ქალაქს კატასტროფულად არ ჰყოფნის შუქნიშნები და გაუგებარია, ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს პრობლემა. საბჭოთა გაი ჰქონდა ასეთი მიდგომა: ქაოსში უცებ ჩაატარებდა რეიდ და დამრღვევ მძღოლებს გამოავლენდ,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრის დროს უფელბამდაცველი მერაბ ბლადაძე და დასძენს, რომ პატრულის მუშაობა ეფექტური მაშინ იქნება, თუ ქალაქში პატრულის მთელი შემადგენლობა  გამოვა და მოსახლეობასთან,  მძღოლებთან დიალოგს გამართავს, მიუთითებს და დაარიგებს.

„პატრული ასე რომ მოიქცეს, თბილი ურთიერთობაც ჩამოყალიბდება და დარღვევებიმინიმუმამდე დავა.. ესაა ევროპული მიდგომა და არა ის,რაც გააკეთეს,“ – აცხადებს მერაბ ბლადაძე „თაიმერთან“ საუბრის დროს.

მისივე თქმით, ბათუმში და საერთოდ, მთელ აჭარაში საშინლად მოუწესრიგებელია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა: „პარკირება ხდება ტროტუარებზე, ზოგჯერ შუა ქუჩაშიც აჩერებენ ავტომანქანებს თავხედი მძღოლები და ერთმანეთში საუბრობენ. შუაღამისას (განსაკუთრებით, ზაფხულში) „გლუშიტელმომძვრალი“ ავტომობილის, ან ბაიკის „ბღავილმა“ საწოლიდან გულგახეთქილი წამოგაგდოს.  ერთი სიტყვით, აჭარას სჭირდებოდა და სჭირდება ავტოწესრიგი.“

რაც შეეხება 11 მარტის მოვლენებს, მერაბ ბლადაძე ამბობს, რომ ეს უწესრიგობა, ალბათ, მთავრობაშიც დაინახეს და აჭარაში, როტაციის საფუძველზე, პატრულის უფროსად  ვინმე კახა ბუხრაძე გააგზავნეს, რომელმაც ათი თუ თხუტმეტი „მარჯვენა ხელი“ ჩიყვანა.

„ ეს ე.წ. „როტაცია“ მერაბიშვილის მიერ მოგონილი დიდი სიმახინჯეა. კი ბატონო , საქართველო ერთიანი სახელწიფოა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები შეიძლება, როტაციის პრინციპით იცვლებოდნენ, მაგრამ განა შეიძლება, ეს ე.წ „როტაცია“ სულ ცალმხრივი იყოს? მითხარით, აჭარაში მცხოვრები თუნდაც ერთი პოლიციელი, რომელიც, იგივე „როტაციის პრინციპით“ საქართველოს რომელიმე კუთხეში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობ? ასეთ ვერ ნახავთ. არ შეიძლება, აჭარის პოლიციის ხელმძღვანელობის მთელი შემადგენლობა „მივლინებით გამოგზავნილი“ პოლიციელებით იყოს დაკომპლექტებული, რომლებსაც თან ათ-თხუტმეტ კაციანი საძმაკაცო მოჰყავთ,“ – აცხადებს უფლებადამცველი მერაბ ბლადაძე და აქვე, განმარტავს, რომ კახა ბუხრაძემ საზოგადოებას თავი აგრესიით, ცინიზმით, მოქალაქეებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებით, მძღოლების მიმართ გადამეტებული სიმკაცრითა და არაადექვატური ჯარიმებით დაამახსოვრა.

„თემიდან ცოტას გადავუხვევ : ყველა მძღოლმა იცის, ავტონავიგატორი, როდესაც  ტრასაზე დამონტაჟებულ რადარს მიუახლოვდება, სიგნალს გაძლევს, რათა სვლა შეანელო და თუ არ შეანელებ, ჯარიმით დაისჯები. აქედან მარტივი დასკვნა გამოგაქვს: პოლიცია მოტივირებულია არა დასჯაზე, არამედ, – წესრიგზე. ბუხრაძის საპატრულო ეკიპაჟი კი, მხოლოდ და მხოლოდ ჯარიმებზე მოტივირებული. ყველაზე ცუდი ისაა, რომ  ათ-ლარიან ჯარიმაზე ორმოცდაათიანს გიწერენ, თან გეუბნებიან, თუ არ მოგწონს, იჩივლეო. სასამართლოში ჩივილი 500 ლარი დაგიჯდება, სადაც ან გაგამართლებენ, ან არა. ამის გამო ადამიანი იბოღმება და ბოროტდება. ხალხი ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია, ნერვები  დაწყვეტაზე აქვს და ამას ემატება არამარტო საპატრულო, არამედ, მთლიანად აჭარის  პოლიციის ძალადობრივი ქმედებები,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე.

„თაიმერმა“ უფლებადამცველს, ცხადია, ისიც ჰკითხა, ყოველივე ზემოთქმულის გარდა, რა შეიძლება გამხდარიყო 11 მარტის მოვლენების საფუძველი. ბლადაძის თქმით, ის აქციაზე იმყოფებოდა და უშუალო თვითმხილველებისგან იცის, თუ რა მოხდა:

„მოქალაქემ, რომელმაც წინ დღით შვილი დაკრძალა, სასტუმრო „პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბევრი გარემოვაჭრეა და მანქანის გასაჩერებელ ადგილს, პრაქტიკულად, ვერ იპოვი, აფთიაქთან  გააჩერა ავტომობილი. პატრულმა შენიშნა და ჯარიმის გამოსაწერად მივიდა. მძღოლმა პატიება სთხოვა, აუხსნა თავისი გაჭირვება, აფთიაქთან იმიტომ გავაჩერ, რომ მეუღლისთვის წნევის წამალი მეყიდაო. მიუხედავად ამისა, პატრულის თანამშრომელმა არ გაითვალისწინა მოქალაქის თხოვნა და ჯარიმა გამოუწერა. მძღოლის შვილი კონფლიქტში შევიდა პატრულთან, პოლიციელმა კი, წიხლით ჩატენა ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში და დააპატიმრა… გამოვარდნენ გარემოვაჭრეები და რაც ხელში მოხვდათ, პოლიციელებს თავზე დააყარეს. უცებ გაივსო მოედანი აღშფოთებული მოქალაქეებით. იმის მაგივრად, რომ პატრულის ხელმძღვანელობა მოქალაქეებთან  დიალოგში შესულიყო, ჯერ ორი მოქალაქე მოიპარა და დააპატიმრა, მერე კიდევ – ოთხი.

ამასობაში, პროვოკატორებიც გამოჩნდნენ, რომლებიც გაიძახდნენ,რომ პატრულულის უფროსმა აჭარლებს „თათრები“ უწოდა და ტემპერატურამაც აიწია,“ – ამბობს მერაბ ბლადაძე, რომელიც სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აქცია ვინმეს ორგანიზებით არ დაწყებულა.

„ძალიან ცუდად მენიშნა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ მანამ, სანამ მომიტინგეები პოლიციის შენობასთან გადავიდოდნენ, მოქმედებდა პროვოკატორთა და წამქეზებელთა რამდენიმე-კაციანი ჯგუფი და როგორც კი ტემპერატურა დაბლა დაიწევდა, შესძახებდა, „პატრულის უფროსმა თათარი გვიწოდა, მაგის დედაცო“ და ვხედავდი, მასა როგორ ემსგავსებოდა რბოს… შენიშვნა მივეცი რამდენიმე პროვოკატორს, არავის გაუგონია, პატრულის უფროსმა რომ ეს სიტყვა თქვა და ნუ აგიჟებ ხალხს- მეთქი, მაგრამ ვერაფერს გავხდი… პროვოკატორებიდან ორი ადამიანი ვიცანი – ისინი სხვა ანტიქართულ აქციაშიც მინახავს…

ვფიქრობ, დროულად რომ გამოეშვათ ის ექვსი დაკავებული, ბუხრაძის გათავისუფლებას არავინ მოითხოვდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, მერაბიშვილ-ახალაიას კადრები, რომლებიც სამწუხაროდ, მყარად მოკალათდნენ როგორც ხელისუფლების, ასევე, პოლიციის მაღალ ეშელონებში, შეჩვეული სტილით მუშაობენ: „არავითარი დათმობა, არავითარი დათმობის პრეცენდენტი“…საბოლოო ჯამში, მაინც გამოუშვეს დაკავებულები, მაგრამ უკვე გვიან იყო – ინიციატივა, მთლიანად პროვოკატორებს ჰქონდათ ხელში აღებული და მოხდა ის, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა,“ – აცხადებს მერაბ ბლადაძე „თაიმერთან“ საუბრისას.

მისივე თქმით, ზემო აჭარის მოსახლეობამ, რომელიც მზად იყო, ბათუმის აქციისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინა, პროვოკატორთა ვანდალური საქციელის შემდეგ, ბათუმში წასვლა გადაიფიქრა.

„ეს ამ ხალხის მაღალ კულტურაზე მეტყველებს და ამისთვის მადლობას ვეუბნები,“ – დასძენს ბლადაძე.

უფლებამდამცველის თქმით, 11 მარტის მოვლენებმა დაანახა, რომ აჭარის მთავრობაში დიდი კრიზისია: „აჭარის მთავრობის მეთაურს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება არ აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ მაღალ ეშელონებში მისი მთავრობის კაბინეტის სისუსტე სპეციალურად დაანახეს, ანუ პატარაძის მიმართ პროვოკაციას არ გამოვრიცხავ. ამიტომ, ვფიქრობ, დიდი მუშაობა მოუწევს ზურაბ პატარაძეს, დაანახოს აჭარის მოსახლეობას,რომ თავისი რეგიონის პატრონი და ინტერესების გამტარებელია.“

banner
წინა სტატიაშისაქართველო ევროპაში პატიმრების რაოდენობით მესამე ადგილზეა, რუსეთი კი -ლიდერი ქვეყანაა
შემდეგი სტატიაელისო კილაძის შვილს პატიმრობა შეუფარდეს