საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი) თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად ეს ნიშნავს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას:
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, როგორც ფაქტობრივად, ისე ფორმალურად ნიშნავს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლას, საბოლოოდ უარის თქმას ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და კონსტიტუციას, რომლის 78-ე მუხლის თანახმად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიიღოს „ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“
მმართველი პარტიის მიერ ბოლო დროს მიღებული არაერთი უსამართლო, რეპრესიული კანონის, დასავლეთის წინააღმდეგ აგორებული დეზინფორმაციული კამპანიისა და ოკუპანტ რუსეთთან, ისევე, როგორც სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, ეკონომიკური და პოლიტიკური დაახლოების შედეგად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია შეჩერდა, ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ფაქტობრივად დღის წესრიგიდან მოიხსნა, ხოლო საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძირი გამოეთხარა. ამას თან დაერთო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების უხეში და მასობრივი დარღვევებით ჩატარება.
ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის მიერ პროდასავლური საგარეო-პოლიტიკური კურსის უკვე ოფიციალურად უარყოფა და ავტორიტარიზმის განმტკიცების მცდელობა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციასა და ოკუპანტი რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას უქადის, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
ღრმად გვწამს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების შენარჩუნება მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებითა და მისი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებით არის შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, მკაცრად ვგმობთ და პროტესტს ვუცხადებთ მმართველი პარტიის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის წინააღმდეგ არის მიმართული და ოკუპანტ რუსეთთან კოლაბორაციის ტოლფასია.
როგორც ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნების დღიდან ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას, გავაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველო დასავლურ ცივილიზაციას არ მოწყდეს და რუსეთის დაქვემდებარებაში არ აღმოჩნდეს.” ნათქვამია განცხადებაში.