პრორუსული ძალებისთვის ხელის შეწყობა და სივრცის გაჩენა სისტემურად მიმდინარეობდა

”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერ ირაკლი ალასანიას თქმით, კონტრდაზვერვამ კარგად იცოდა, როგორ შემოდიოდა ფული რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, თუმცა ამასთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ არსებოდა. ამის შესახებ ალასანიამ გაზეთ ”ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, სადაც მთავრობიდან მისი წამოსვლის მიზეზზე კიდევ ერთელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილთან პირადი უთანხმოება არ ჰქონია და განხეთქილების საბაბი თავდაცვის შეიარაღება იყო. ალასანიას თქმით, თავდაცვის სამინისტროზე შეტევა სწორედ პრორუსულ პოზიციებს აძლევდა ხელს.

”სისტემურად, თანმიმდევრულად მიმდინარეობდა ხელის შეწყობა და სივრცის გაჩენა პრორუსული ძალებისთვის. მიმდინარეობდა მათი დაფინანსება, მედიასერვისების, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, ასევე ევრაზიული კავშირის თემის წინ წამოწევა. ეს ყველაფერი იყო მიზანმიმართული მცდელობა და რატომ: ჩვენ გვყავს საკმაოდ გამოცდილი კადრები სპეცსამსახურებში, მათ შორის, კონტრდაზვერვაში. მათ კონტრდაზვერვითი საქმიანობის წარმოების დიდი გამოცდილებაც აქვთ. კარგად ვიცი, რომ მათ ძალიან კარგი სამიზნეები ჰყავდათ შერჩეული და კარგად იცოდნენ, როგორ შემოდიოდა ეს ფული რუსეთის პროპაგანდისტული საქმიანობისთვის, მაგრამ არ ჰქონდათ ნება, ემუშავათ ამ სამიზნეებზე. ანუ, ჩემი აზრით, მათ ხელები ჰქონდათ შეკრული აქტიურად ეწარმოებინათ კონტრდაზვერვითი სამუშაოები. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების ინტერესებში შედიოდა ეს ქსელი გაფართოებულიყო და ამიტომ არ მიდიოდა სწორად ბრძოლა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, თუ როდის შეამჩნია ეს ტენდენციები, ალასანია პასუხობს, რომ მთავრობიდან წამოსვლის შემდეგ.

”ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა თანხები, რაც ამ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იხარჯება. ამას სახელმწიფო წინ არ უღუდგა და ეს მთავარი ინდიკატორია იმის სათქმელად, რომ სპეციალურად მიდის სივრცის გახსნა პრორუსული ელემენტებისთვის, ხოლო პროდასავლურ ძალებს ავიწროებენ. ეს ჩანაწერები, კომპრომენტაციის ეს ფორმა პირდაპირ ფსბ-ს ხელწერაა რუსეთში და როგორც ჩანს – აქაც. მეეჭვება, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და ამ ყველაფრის დამკვეთსა და სულისჩამდგმელს გამოააშკარავებს, მაგრამ მინდა რეალურად დავპირდე საზოგადობას, რომ ”თავისუფალი დემოკრატების” ხელისუფლებაში ყოფის დროს ამას გავაკეთებთ”, – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიდღეს წითელი პარასკევია
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება