პროპორციული საარჩევნო სისტემა – „ენდიაის“ გამოკითხულთა 70 პროცენტი პარლამენტის გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 59 პროცენტის განცხადებით, ჰქონდა ინფორმაცია, რომ პარლამენტმა 14 ნოემბერს მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებას საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.

კითხვაზე, „20 ივნისის დემონტრაციების შემდეგ „ქართული ოცნება“ დათანხმდა საპროტესტო აქციის მონაწილეების ერთ-ერთ მოთხოვნას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხს მაჟორიტარები აღარ აერჩია და ხმა მხოლოდ პარტიებისთვის მიეცა. 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა განიხილა საკონსტიტუციო ცვლილება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით და არ დაუჭირა მას მხარი. იცოდით თუ არა ამის შესახებ“, გამოკითხულთა 59 პროცენტი ამბობს, რომ იცოდა, 28 პროცენტის პასუხია – „არა“, 11 პროცენტი აცხადებს, რომ „არ იცის“, ხოლო ერთმა პროცენტმა უარი განაცხადა პასუხზე.

კიდევ ერთ კითხვაზე, „როგორ შეაფასებთ პარლამენტის გადაწყვეტილებას, არ დაუჭიროს მხარი არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას“, გამოკითხულთა 59 პროცენტიდან, ვისაც ამის შესახებ სმენია, პასუხები შემდეგნაირია – 16 პროცენტი ამბობს, რომ „დადებითად“ , 70 პროცენტი – „უარყოფითად“, 11 პროცენტი – „არ ვიცი“, ორმა პროცენტმა კი პასუხზე უარი განაცხადა.

ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხულთა 47% ტაქსების რეგულაციების გატარებას სწორ ნაბიჯს უწოდებს
შემდეგი სტატია„ენდიაის“ კვლევის თანახმად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 82 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას – 74 პროცენტი