,,პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით ვინც არ უნდა ეცადოს შიდა ოპოზიციური განხეთქილებების ჩამოგდებას, ეს არ გამოუვა”

პროპორციული არჩევნების მისაღწევად ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროპული საქართველოს ხმების გარეშე პროპორციული არჩევნები კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავიტ უსუფაშვილმა „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საარჩევნო სისტემის ცვლილების პრეზენტაციამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ახლა საჭიროა თემის ირგვლივ ერთიანი პოზიციები.

„არც ერთი წამით არ უნდა მივცეთ „ოცნებას“ საშუალება, რომ ეს პროცესი შეყოვნდეს. მოვედი იმიტომაც, რომ „ოცნებას“ მთელი მსოფლიო ასწავლის, რატომ არის საჭირო პროპორციული არჩევნები. აბა, ვნახოთ, რა შეისწავლეს და რას გვეტყვიან. დღეს პროექტთან დაკავშირებით მსჯელობას აზრი არ აქვს. ეს უნდა წავიდეს იმ სამუშაო ვითარებაში, რომელიც პარლამენტშია დასაწყები. პარლამენტში ორი პროექტია განსახილველი. ერთი 250 000 მოქალაქის ხელმოწერილი, მეორე „ოცნების“ ხელმოწერილი“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, პროპორციული არჩევნების მისაღწევად საჭიროა კონსოლიდაცია.

„ნაციონალებისა“ და „ევროპული საქართველოს“ ხმების გარეშე, პროპორციული არჩევნები კონსტიტუციაში ვერ ჩაიწერება, ამიტომ ვინც არ უნდა ეცადოს შიდა ოპოზიციური განხეთქილებების ჩამოგდებას, ეს არ გამოუვა. ჩვენ გვაქვს ერთიანი პოზიციები ამ თემაზე“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებიც, მათ შორის „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი გოჩა თევდორაძე, „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ ლიდერი აკაკი ასათიანი, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე გოჩა ჯოჯუა, საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მიხეილ-გელა სალუაშვილი. ღონისძიებაზე იმყოფებიან არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

კანონპროექტის გათვალისწინებით, საქართველოში პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ამოქმედდება. კერძოდ, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ ხმების რაოდენობა გამრავლდება 150-ზე და გაიყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება, რაც ნიშნავს, რომ მანდატს ყველა ის პოლიტიკური პარტია მიიღებს, რომელიც არჩევნებში სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას მიიღებს. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით გადანაწილდება უკეთესი შედეგის მქონე პარტიებზე.

ამასთან, ცვლილებები არ ითვალისწინებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლოკების მონაწილეობის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ეს იმისთვის კეთდება, რომ დაბრკოლება არ შეექმნას პარტიული სისტემის განვითარებასა და ინსტიტუციონალიზაციას.

banner
წინა სტატიაში“არ მივიღეთ მონაწილეობა ქართული ოცნების ღონისძიებაში, როგორც ოპოზიციას, იქ არაფერი გვესაქმება” – ბაქრაძე
შემდეგი სტატია“საჯარო გამოსვლები და ეფექტური კომუნიკაცია”