პროფესორმა სოლომონ ზეიკიძემ და ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისები მიაწოდეს (ვიდეო)

ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფმა, რომელსაც პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე ხელმძღვანელობას, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მორიგი საქველმომქმედო აქცია გამართა – მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისი მიაწოდა და ამასთან, მედიკამენტებიც გადასცა. აქციის ფარგლებში, სამედიცინო სერვისი, საერთო ჯამში, 70-მდე ადამიანს მიეწოდა.

„ეს ჩვენი ექიმთა საქველმოქმედო ჯგუფის უკვე რიგით მეოთხე აქციაა – ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევისა და ახალქალაქის სოფელ კოთელიას შემდეგ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობას გავუწიეთ უფასო სამედიცინო მომსახურება. საერთოდ, მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ჩვენი საქველმოქმედო აქციებიც სწორედ ამას ემსახურება. სოფელ სამთაწყაროსთვის ეს აქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პრაქტიკულად, სასაზღვრო ზონაა. ადგილობრივებს მედიკამენტებიც გადავცეით, რაშიც ფარმაცევტული კომპანია GM ფარმა დაგვეხმარა,“ – ამბობს პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და დასძენს, რომ მსგავს საქველმოქმედო აქციებს, მეგობრებთან ერთად, სამომავლოდაც გეგმავს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქციაში, რომელიც ამჯერად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის, კერძოდ, ნიკოლოზ ჯანიაშვილის, ასევე, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენისა“ და „ჯი-ემ ფარმას“ თანადგომით ჩატარდა, რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობდა. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე (საქველმოქმედო ჯგუფის ხელმძღვანელი); ექიმ-ფიზიოთერაპევტი ოდისეი სადოევი, ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი და კარდიოლოგი ქეთი გოროზია. აქციაში, მოხალისეებად ჩართულნი იყვნენ ბექა გოგიაშვილი, გიორგი გოგლიძე, თემო ჯინჭარაძე და თამარ გახელაძე.

შეგახსენებთ: ექიმთა ჯგუფმა, ფონდ „მზის შვილების“ ეგიდით, ანალოგიური საქველმოქმედო აქცია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ილტოს ხეობაში, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევსა და ახალქალაქის სოფელ კოთელიაში უკვე გამართა.

 

https://youtu.be/dea3dO5wOJI

 

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე: როდესაც ნიკა მელია ციხეშია, „ოცნებასთან” მოლაპარაკებაზე არ უნდა დაჯდე
შემდეგი სტატიაშსს-მ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა