პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭა სტუ-ს სამართლის დოქტორის საპატიო წოდება

დღეს, 25 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის სამეცნიერო დელეგაცია ესტუმრა. ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“, გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესორ ჰანს იორგ ალბრეხტს მიენიჭა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლის დოქტორის საპატიო წოდება.
გერმანელ მეცნიერთა დელეგაციას წარმოადგენდნენ გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ჰანს იორგ ალბრეხტი, პროფესორი პეტერ იურგენ გრაფი, გერმანიის უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის სენატის თავმჯდომარის მოადგილე, დოქტორი ვოლფრამ შედლერი, გერმანიის გენერალური პროკურატურის ყოფილი პროკურორი, ადვოკატი, დოქტორი, მაქს პლანკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და რესტოვრაციული სამართლის ევროპული ფორუმის ხელმძღვანელი მიხაელ კილხლინგი, ტრანზიციული ქვეყნების გარდამავალი სამართლებრივი რეფორმების განყოფილების ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტი, დოქტორი პროფესორი ელიკო წიკლაური-ლამიხი.
კონფერენციაზე – „თანამედროვე ტექნოლოგიები, სისხლის სამართლის და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემები“ – მოხსენებით გამოვიდნენ მოწვეული სტუმრები, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრალურ ბიბლიოთეკაში სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ფაკულტეტის სტუდენტებისათვის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელმა მიხაელ კილხინგმა წაიკითხა საჯარო ლექცია.
გერმანიის მსოფლიო საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტი არის მსოფლიოში ცნობილი და აღიარებული სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტარულ კვლევებს სხვადასხვა ქვეყნის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის აქტუალურ პრობლემებზე. გერმანელ და ქართველ მეცნიერ-იურისტებს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ათწლეულების გამოცდილება არსებობს და ამაში უდიდესი ღვაწლი მიუძღვის აღნიშნული ინსტიტუტის დირექტორს, ჰანს იორგ ალბრეხტს, რომელიც თანამედროვე სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის აქტუალური პრობლემების ფუნდამენტალური კვლევებისა და ნაშრომების ავტორია.
აღსანიშნავია მისი წვლილი ქართველ და გერმანელ იურისტ-მეცნიერეთა თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში, ქართული სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიური სკოლის რეფორმირებაში. სწორედ მისი დამსახურებაა ქართველ მეცნიერებთა, სამეცნიერო პროგრამებითა და გრანტებით, გერმანელი მეცნიერებისა და სხვადასხვა ქვეყნის სამეცნიერო გამოცდილების გაზიარების, ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის მიღების მიზნით გერმანიის მსოფლიოს საერთაშორისო სისხლის სამართლის მაქს პლანკის ინსტიტუტში მიწვევა.

banner
წინა სტატიაში“თუ დამაკავებენ, ეს მხოლოდ მათ დააზარალებს”- თორდია დაპატიმრებას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიათორდიასა და ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტი გავრცელებულ ვიდეო კადრებთან არავითარ კავშირში არარის – NGO-ების განცხადება