პროფესიონალი რკინიგზელების თქმით, საქართველოს რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობა სარისკოა

როგორც ცნობილია, რკინიგზის გორი-ნიქოზის მონაკვეთზე, სოფელ ორთაშენთან სატვირთო ავტომობილი მოძრავ მატარებელს მას შემდეგ დაეჯახა, რაც მატარებელი რელსებიდან გადავიდა. მომხდარის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლს ფეხი მოსტყდა, მის მგზავრს კი – ხელი. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. ამ ინციდენტს „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბი“ სპეციალური განცხადებით ეხმაურება. როგორც პროფესიონალი რკინიგზელები ამბობენ, საქმე ძალიან მარტივადაა და აღნიშნულ სამატარებლო შემთხვევაში რკინიგზის სამსახურების როლზე საუბრობს:
„1. ინფრასტრუქტურა – მან უნდა უზრუნველყოს ინფრასტრუქტურის, ანუ ლიანდაგების, სარკინიგზო გადასასვლელების, უსაფრთხოების სისტემების და ა.შ. გამართული მუშაობა; ვერ უზრუნველყო!

2. სატვირთო გადაზიდვები – რა უცნაურიც არ უნდა იყოს, „საქართველოს რკინიგზა“ არის მსოფლიოში ერთადერთი რკინიგზა, რომლის „სატვირთო გადაზიდვების დირექცია“ ხელმძღვანელობს მატარებლების მოძრაობის ორგანიზაციას; სრული ნონსენსი, რომელიც კორუფციული სქემის აშკარა გამოვლინებაა სარკინიგზო სექტორში; გაგიკვირდებათ, მაგრამ სამგზავრო მატარებლის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა „სატვირთო გადაზიდვების“ დირექტორს ევალება; ვერ უზრუნველყო!

3. მგზავრთა გადაყვანა – ნუ, მატარებელი მას ეკუთვნის და მას ევალება მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ვერ უზრუნველყო!

4. მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოების გენერალური ინსპექცია – ფორმალური ორგანიზაცია „საქართველოს რკინიგზის“ სტრუქტურაში, რომელსაც ევალება მოძრაობის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის და კონტროლის უზრუნველყოფა; ვერ უზრუნველყო!

5. „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი – მას ევალება „საქართველოს რკინიგზის“ ტექნიკური ექსპლუატაციის წესების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა; ვერ უზრუნველყო! დღეს „საქართველოს რკინიგზის“ დირექტორთა საბჭო არის ვაკანტური – არც ერთ დირექტორს არ აქვს არც მორალური, არც იურიდიული უფლება, შევიდეს საბჭოს სხდომაზე, დაიკავოს მისთვის განკუთვნილი სავარძელი, მშვიდად და წყნარად გააგრძელოს „საქართველოს რკინიგზის“ მისადმი დაქვემდებარებული მიმართულების ხელმძღვანელობა. პირიქით, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში ეს პირები ჩვენებების მიცემით იქნებოდნენ დაკავებული…
საქართველოსაგან ევროკავშირი იმიტომ ითხოვს რკინიგზაზე უსაფრთხოების სფეროში დამოუკიდებელი კომპეტენტური ორგანოს შექმნას, რადგან ზემოთ ნახსენები თანამდებობის პირები არასდროს დადებენ ობიექტურ და მიუკერძოებელ სურათს, თუ რა მოხდა სინამდვილეში.
ამიტომ, საზოგადოებაც ვერასდროს გაიგებს, თუ რა მოხდა 2017 წლის 11 ივნისს საქართველოს რკინიგზის „გორი – ნიქოზის“ მონაკვეთზე!
ამიტომ, „საქართველოს რკინიგზაზე“ მატარებლების მოძრაობის უსაფრთხოება ძალიან მაღალი რისკის ქვეშ დგას!
ამიტომ, „საქართველოს რკინიგზაზე“ ფუნდამენტური ცვლილებები გარდაუვალია!

banner
წინა სტატიაშიჩავუშოღლუ: ყატარის პრობლემას ბაირამამდე მოვაგვარებთ
შემდეგი სტატიათურქეთის პრემიერმა დამლაგებლის ოჯახში ივახშმა