ისტორიკოსი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება თეა წულუკიანის ფეისბუქპოსტს.
“1930-იანი წლების საბჭოთა კავშირშიც კი შეიძლებოდა სხვა ფორმით შეფუთულიყო სათქმელი. ბრალდება ეხება იმ ამბავს, რომ სალომე და ოთარ ზურაბიშვილები “დამნაშავენი” არიან მათი ბიძის ნაცისტებთან კოლაბორაციის გამო.
იმ ბიძის, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამ გააძევა საქართველოდან და იმ ბიძის, რომელიც თვალით არც ერთს არ უნახავს.
რა სიმბოლურია, რომ ამ ბრალდებას აყენებს ადამიანი, რომელიც საბჭოთა მოსამართლემ გაზარდა, რომლის ხელებზეც დახვრეტილი ადამიანების სისხლია. ბრალდებას აყენებს ადამიანი, რომელსაც მურუსიძის სასამართლოთი უჭირავს ხელისუფლება.
ახლა რაც შეეხებათ სალომე და ოთარ ზურაბიშვილებს: შეიძლება მათ პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოლიტიკურ წარსულს ვინმე იწონებდეს ან არ იწონებდეს. აქ ამაზე არ არის საუბარი. რადგან ქალბატონმა თეამ წინაპრები ახსენა, ამიტომ ვიტყვი: საქართველოში ალბათ ვერავინ დაიკვეხნის ისეთი წინაპრებით, როგორიც ოთარ და სალომე ზურაბიშვილებს ყავთ. არავინ ისე არ განასახიერებს პირდაპირ კავშირს საქართველოს პირველ რესპუბლიკასა და თანამედროვე საქართველოს შორის, როგორც ეს ოჯახი.
კერძოდ, სალომე და ოთარ ზურაბიშვილების ერთი ბაბუა, მამის მამა, ივანე ზურაბიშვილი იყო 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, საქართველოს პარლამენტის წევრი; შემდეგ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს (სენატის) წევრი. იმ სასამართლოსი, რომლის დამოუკიდებლობასა და მაღალ პროფესიონალიზმს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა აღიარებდა. ეს, განსხვავებით იმ სასამართლოსგან, სადაც მთელი ცხოვრება ქნ. წულუკიანის მამა მუშაობდა და მურუსიძე-წულუკიანის იმ სასამართლოსგან, რომელიც ახლა გვაქვს;
სალომე და ოთარ ზურაბიშვილების მეორე ბაბუა, დედის მამა, იყო მექი (მელქისედეკ) კედია. ის პირველი რესპუბლიკის უშიშროებას (დღევანდელი სუსის ანალოგს) ხელმძღვანელობდა, რომელსაც “საგანგებო რაზმი” ერქვა. მექის კარგი მუშაობის შედეგი იყო, რომ ვერც ერთი ბოლშევიკური გადატრიალება ვერ განხორციელდა საქართველოში. როდესაც 1921 წელს რუსულმა ჯარმა დაიპყრო საქართველო, არც ერთი ბოლშევიკი ქვეყანაში არ დააბიჯებდა. ყველა დაჭერილი ან გაძევებული იყო. ეს ქალბატონი თეას ხელისუფლების მუშაობისგან განსხვავებით, რომელმაც რუსებით გაავსო საქართველო.
მექის შვილი, ანუ სალომეს და ოთარის ბიძა, იყო მიშა კედია, რომელიც “ქართველ შინდლერად” არის ცნობილი, რადგან მან ასეულობით ებრაელი გადაარჩინა მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკს.
სალომეს და ოთარის დიდი ბაბუა იყო ნიკო ნიკოლაძე. იმედია ახსნა არ არის საჭირო თუ ვინ იყო ნიკო ნიკოლაძე.
სალომეს და ოთარის მამა, ლევან ზურაბიშვილი ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს.
ეგეც არ იყოს, ახლა აღმოაჩნდა სალომე ზურაბიშვილს “ნაცისტი ბიძა”? 2012 წელს თეა წულუკიანის საარჩევნო შტაბს რომ ხელმძღვანელობდა სალომე ზურაბიშვილი, მაშინ არ ყავდა “ნაცისტი ბიძა”? თუ 2018 წელს არ ყავდა, რომ დაეწყვეთ და მილიონ კაცს ხმა მიაცემინეთ “ნაცისტების შთამომავალზე”?
ქალბატონო თეა, მთელ სახეზე ხო ბოროტება გაწერიათ, მაგრამ პროპაგანდაში სამიანი და ისტორიაში ორიანი, ბევრად უფრო ნიჭიერად და მეტი ცოდნით შეიძლებოდა პროპაგანდის წერა.
რაღაცა სხვაში გაეჯიბრეთ, ავთანდილ წულუკიანის თეა წულუკიანი ზურაბიშვილებს წინაპრებით ნუ გაეჯიბრება.
მართალია ბოროტების განსახიერება ხართ, მაგრამ სათანადო გონიერება უნდა გქონდეთ, რომ რაც ზურაბიშვილების ძლიერი მხარეა და თქვენთვის სუსტი მხარე, იქ არ დაუწყოთ შეჯიბრი.
მე აქ სხვა რამეს ვხედავ: “ჩვენ საბჭოეთის მხარეს მებრძოლები და ისინი ნაცისტების მხარეს მყოფნი” ზედმიწევნით ჯდება იმაში, რაც დღეს რუსეთის სწორედ რომ ფაშისტური რეჟიმის სახელმწიფო პოლიტიკა და იდეოლოგიაა. ამის გადამღერება, რუსებთან კეკლუცი დავინახე ამ პოსტში, რომ აი სალომე ნაცისტებს წარმოადგენს და მე საბჭოთა მემკვიდრეობასო. ეს, რასაკვირველია, არ გამკვირვებია, რადგან თქვენი კომისიის მიერ შესრულებული დოკუმენტი 2008 წლის ომზე, ასევე ზედმიწევნით იმეორებს რუსების მიერ წამოყენებულ ყველა დებულებას. გრიგორი კარასინს რომ დაეწერა ის, რუსებისთვის უკეთ ვერ დაწერდა”,_ წერს ბექა კობახიძე.
ინფორმაციისთვის, თეა წულუკიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სალომე და ოთარ ზურაბიშვილების ბიძა ნაცისტებთან თანამშრომლობდა.