პროკურორის ინფორმაციით, ჯეკ შეფერდს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის გარდა, ერთ პირზე თავდასხმას ედავებიან

დაზარალებულ დევიდ ბიჩს, ჯეკ შეფერდმა თავში არყის ბოთლი ჩაარტყა და სხეულის დაზიანება მიაყენა, აღნიშნული დანაშაული ბრიტანული კანონმდებლობით სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის საქმის პროკურორმა, ქეთევან გურაშვილმა განუცხადა.

როგორც პროკურორმა განმარტა, შეფერდს გარდა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისა, სხვა დანაშაულსაც ედავებიან. გურაშვილის განცხადებით, დაკავებული ბრიტანეთის მოქალაქე დევიდ ბიჩზე თავდასხმისთვის გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული, სწორედ ამ დროს მიემალა ის მართლმსაჯულებას და საქართველოში ჩამოვიდა.

რაც შეეხება ჯეკ შეფერდის ექსტრადიციას, ამ საკითხზე სასამართლო 3 თვეში იმსჯელებს.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა ჯეკ სებასტიან შეფერდის მიმართ. შემდეგი პროცედურები კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით იქნება გაგრძელებული.

ისევ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაეცემა თუ არა აღნიშნული პიროვნება ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოს. ამასთან დაკავშირებით, ზუსტად იმ სასამართლო განხილვების დროს უნდა ისაუბრონ მხარეებმა და წარმოადგინონ თავიანთი არგუმენტაცია.

გარდა იმისა, რომ შეფერდი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის არის მსჯავრდებული და 6 წლის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული, იგი ასევე იძებნება სხეულის მძიმე დაზიანების მცდელობისთვის, აღნიშნული დანაშაული ბრიტანული კანონმდებლობით სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა გურაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა და გასაღებისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
შემდეგი სტატიაჩემთვის ცხადია, რომ დავით ერაძეზე თავდასხმა უკავშირდება მის სკანდალურ რეპორტაჟს