ჯარის ფულის მოპარვის საქმე – პროკურორი ანი ლეკიაშვილი ადასტურებს, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა, რომელიც 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, გამოძიებასთან ითანამშრომლა.
სახელმწიფო მბრალდებელმა თქვა, რომ ღუდუშაურმა დაადასტურა საქმის გარემოებები.
კითხვაზე, არსებობს თუ არა საქმეში ღუდუშაურის ჩვენებები სხვა ბრალდებულების წინააღმდეგ , პროკურორი ასე პასუხობს: “დიახ, მოცემულ საქმეში განთავსებულია ღუდუშაურის ჩვენება აღიარების თაობაზე“.
“დიახ, მოცემულ საქმეში განთავსებულია ღუდუშაურის ჩვენება აღიარების თაობაზე…
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოდგენილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, დაახლოებით 135 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით ექსპერტიზა, გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების ბრალეულობას“, – განაცხადა პროკურორმა.
ანი ლეკიაშვილი ასევე საუბრობს ზურაბ ტუკვაძის ჩვენებაზეც, რომელიც ბურჭულაძის წინააღმდეგ დევს საქმეში.
ტუკვაძის ჩვენება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენება კი. ეს აღნიშნული პირი აწვდის გამოძებას მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუმცა აღნიშნულ პირთან ერთად სხვა პირებიც აწვდან მნიშვნელოვან ინფორმაციას გამოძიებას”, – ამბობს პროკურორი.
ბურჭულაძეს ჯარის ძარცვაში ედება ბრალი. გამოძიების მასალებით, მასთან მიდიოდა წილი ტენდერებიდან. ამ საქმეში არის ერთი მნიშველოვანი გარემოება. ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ ბურჭულაძეს ქრთამს შუამავლის საშუალებით ღარიბაშვილთან შეთანხმებით უგზავნიდა. ტუკვაძე ჩვენებაში პირდაპირ წერს, რომ მაშინდელ პრემიერთან იყო შეთანხმებული ჯარის ფულის მოპარვა.
ცნობისთვის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საერთო ჯამში 1 593 212 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
შეგახსენებთ იმასაც, რომ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით დაკავებული არიან თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გიორგი ხაინდრავა, ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე.
ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას გამოძიება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავება, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებას. დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძის მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ და თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა ბურჭულაძის ცოლის ძმის, ვასილ მხეიძის დახმარებით, სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს. უწყება ამბობს, რომ დაკავებულებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 1 333 728 ლარი გაფლანგეს.

















