პროკურორი: უგულავას პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა

“თბილსერვისის” საქმის პროკურორი გიგა ძნელაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავამ დაადასტურა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან ამტკიცებდა. კერძოდ ის, რომ ”თბილსერვის ჯგუფში” ფორმალურად იყო ჩამოყალიბებული განყოფილება და იქ პარტიული ნიშნით იყვნენ ადამიანები დასაქმებული.

”დასრულდა გიორგი უგულავას ბრალდების საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევა სააპელაციო სასამართლოში, მხარეებმა ვთქვით რეპლიკები და ბრალდებულმაც წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, რა დროსაც ფაქტობრივად დაადასტურა ბრალად შერაცხული ქმედების გარემოებები, კერძოდ ”თბილსერვის ჯგუფში” ფორმალურად განყოფილების ჩამოყალიბებისა და იქ პარტიული ნიშნით ადამიანების გაფორმების ფაქტები, რომლებიც ეწეოდნენ არა ორგანიზაციის წესდებით გათვალისწინებულ, არამედ პარტიულ საქმიანობას, რისთვისაც საბიუჯეტო სახსრებიდან იღებდნენ ანაზღაურებას. უგულავა ითხოვს ამ ფაქტის სხვაგვარ სამართლებრივ შეფასებას. იმედი გვაქვს სააპელაციო სასამართლო უცვლელად დატოვებს პირველი ინსტაციის გადაწყვეტილებას ე.წ. თბილსერვის ჯგუფის ეპიზოდთან დაკავშირებით, ხოლო ე.წ. ,,რიყის ეპიზოდზე“ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს. გ. უგულავას დღევანდელი პოზიციით დადასტურდა ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც ბრალდების მხარე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებიდან ამტკიცებდა”, – განაცხადა გიგა ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესი გუშინ გაიმართა, სადაც თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილს ოპერაციისთვის ამზადებენ
შემდეგი სტატია“თქვენმა წარსულმა შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის ნდობას და ობიექტურობას დაარტყას”- მსხილაძე მაღლაფერიძეს