ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ სასტუმრო “თაუერის” თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ მათ გელა უძილაური ნახეს, რომელიც მათი ცნობით, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო – უძილაური 15 მარტს მარტო მივიდა სასტუმროში.
„დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ სასტუმრო “თაუერის” თანამშრომლები, რომლებმაც დაადასტურეს მათთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, დაადასტურეს ის ფაქტი, რომ მათ გელა უძილაური ნახეს, რომელიც მათი ცნობით, გიორგი ჯოხაძის დაცვის წევრი იყო. ის მარტო მივიდა 15 მარტს. მათ ასევე, დაადასტურეს, რომ 15 თებერვალს ნახეს და ამოიცნეს გიორგი ჯოხაძე, რომელიც შეხვდა მათთვის უცნობ პირებს. გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ჯერ შეხვდა დავით მიქაძეს და შემდგომ გიორგი მიქაძეს. აქვე დავძენ, რომ ბრალდების მხარე პროცესიდან პროცესზე, გაკვირვებას გამოხატავს დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით. ჯერ ერთი, დაცვის მხარე რას აპელირებს ზუსტად ვერ ხვდება ბრალდების მხარე. ერთი მხრივ, უარყოფენ დავით მიქაძის სასტუმროში მისვლას, მაშინ როდესაც დავით მიქაძემ ინტერვიუ მისცა იმის თაობაზე, რომ პირად საქმეზე ვიმყოფებოდიო. მეორე მხრივ, სვამენ შეკითხვას, რომ თითქოს, გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე ერთმანეთს არ იცნობენ. ეს მაშინ, როდესაც თვითონვე აპელირებენ, რომ დავით მიქაძემ იმიტომ ჩაურიცხა უძილაურს გიორგი ჯოხაძისთვის გადასაცემად ფული, რომ ჯოხაძეს ანგარიში არ ჰქონდაო. გრძელდება ბრალდების მხარის გაკვირვება. მესმის, რომ მათ სასაუბრო არაფერი არ აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით და სვამენ იმგვარ შეკითხვებს, რომლებიც რეალობას საერთოდ აცდენილია.
ბრალდების მხარე აგრძელებს მტკიცებულებების გამოკვლევას. დღეს გამოვიკვლიეთ გიორგი კაჭკაჭიშვილის ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. შემდეგ პროცესზეც ბრალდების მხარე მტკიცებულებების გამოკვლევას გააგრძელებს”,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ცნობისთვის, გამოძიება ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.
გიორგი ჯოხაძეს ასევე, გიორგი კაჭკაჭაშვილთან ერთად მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღების შეძენას ედავებიან.

















