15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

პროკურორი: სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საგუშაგო გახარიას ერთპიროვნული გადაწყვეტილებით აღიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ჩორჩანას საქმეზე პროკურორმა თამარ იაკობიძემ დღევანდელი სხდომის დეტალებზე ისაუბრა. ბრალდების მხარის განცხადებით, დაკითხულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დაადასტურეს, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგოს აღმართვის გადაწყვეტილება გიორგი გახარიას ეკუთვნოდა.

„დღეს ბრალდების მხარემ სამი მოწმე დაკითხა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიკითხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი, დაიკითხა თავდაცვის ყოფილი მინისტრი და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი. შესაბამისად, პროცესის მიმდინარეობისას შესაძლებელია, ყოფილიყო კითხვები, რომელიც მიმართული იქნებოდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან, აქედან გამომდინარე, საპროცესო კოდექსის სრული დაცვით, ბრალდების მხარემ იშუამდგომლა სასამართლო სხდომის დახურვაზე, სასამართლომ კი გაიზიარა არგუმენტაცია.

სასამართლო პროცესზე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, თითოეულ მოწმესთან დაესვათ კითხვები.

რაც შეეხება მოწმეებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი წარმოადგენდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარეს, ხოლო თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია და ასევე, დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი წარმოადგენდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრებს. სამივე მოწმემ დაადასტურა, რომ საოკუპაციო ხაზთან საგუშაგო აღიმართა ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ეს გადაწყვეტილება კი ეკუთვნოდა გიორგი გახარიას და არ იყო მათთან შეთანხმებული.

აქ მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა დეტალურად გაშალეს ის ნორმატიული აქტები და სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები, თავდაცვის სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობები, ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფუნქცია-მოვალეობები და დეტალურად აუხსნეს სასამართლოს, რატომ იყო საგუშაგოს აღმართვა უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილი და რატომ უნდა ყოფილიყო კოორდინირებულად შეთანხმებული, რაც არ განხორციელდა გიორგი გახარიას მიერ“, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში“ყველა იბანს ხელს და პასუხისმგებლობას გახარიას ჰკიდებს”-ბერდია სიჭინავა
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე: კობახიძე ღარიბაშვილს აბრალებს რაღაცას, ხოლო ღარიბაშვილი კობახიძეს