პროკურორი : ნატალია ილიჩოვას კაბინეტიდან ამოღებულია 1937-1938 წლების საქართველოს რუკის დედანი

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ჩხრეკა ორივე ბრალდებულის სამუშაო კაბინეტებში და მათ ბინებში.

მისივე თქმით, ბრალდებულ ნ.ი.-ს პირადი კაბინეტიდან ამოღებულია ერთი 200 000 მასშტაბის 1937-1938 წლებით დათარიღებული რუკის დედანი.

როგორც პროკურორი განმარტავს, ეს სწორედ ის რუკაა, რომლიც ასახავდა საქართველოს ისტორიულ საზღვარს და ყველაზე რელევანტური დოკუმენტი იყო დემილიტაციის პროცესში.

„გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ორივე ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ამ რუკის თაობაზე, რომ დედანი მათთვის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომი იყო და განზრახ ამ ინფორმაციას უმალავდნენ კომისიის დანარჩენ წევრებს. თითქმის 20 წლის მანძილზე ეს რუკა პირადად ნ.ი.-სთან ინახებოდა, თუმცა კომისიის წევრთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მათ ეს რუკა არ გამოიყენეს და ყოველთვის აპელირებდნენ, რომ ეს რუკები არ არსებობდა საქართველოში“, – განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ასევე ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტშიც ჩატარდა ჩხრეკა. მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ გამოძიებას პირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განჩინება არსებობდა დოკუმენტაციის ამოღების შესახებ, ბრალდებულმა ი.მ.-მ არ გადასცა გამოძიებას 1970–1980-იან წლებში ბოლოს გამოშვებული ის რუკები, რომლითაც ბრალდებული რეალურად ხელმძღვანელობდა საზღვრის გავლების პროცესში. თუმცა, პროკურორის განმარტებით, მას შემდეგ, რაც სასამართლოს განჩინებით ასევე ჩხრეკა ბრალდებულის სამუშაო კაბინეტში ჩატარდა, უკვე აღმოჩენილი იყო ეს რუკები და ექსპერტიზას გადაეცა შემდეგი კვლევებისთვის.

ჯარჯი წიკლაურის თქმით, ორივე ბრალდებულმა ფაქტობრივად, განზრახ დაუმალა გამოძიებას ეს მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული მასალა.

საქართველოს პროკურატურაში გამოძიება დაიწყო უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი
შემდეგი სტატიაცესკოში ინფორმაციის დაცულობის ცენტრი ამოქმედდა