ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე — სამართალდამცველი დაიკითხა.
მათი ჩვენებების მიხედვით, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გამართულ აქციებზე, ბრალდებულები — გიორგი ვაშაძე, ელენე ხოშტარია და ნიკა მელია უშუალოდ იყვნენ ჩართულები როგორც ძალადობრივ მოწოდებებში, ისე პოლიციის კორდონის გარღვევისა და პარლამენტში შეღწევის მცდელობაში.
პროკურორის თქმით, ერთ-ერთმა მოწმემ აქციაზე გიორგი გახარიას ყოფნაც ახსენა, თუმცა ხუბეჯაშვილმა განმარტა, რომ გახარია ამ საქმეზე ბრალდებული არ არის და კონკრეტული პირის პასუხისმგებლობისთვის მტკიცებულებათა ერთობლიობაა საჭირო.
ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს. მათ ბრალად ედებათ საბოტაჟი, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ მოწოდება.















