სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმის პროკურორი მარიამ ბერძენიშვილი საბავშვო ბაღების ძარცვის ეპიზოდზე განცხადებას აკეთებს. პროკურორის განცხადებით, დაკითხულმა შუამავლებმა და ბაღების მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ქრთამის სახით აღებული თანხები საბოლოოდ სწორედ უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ შეფთან მიდიოდა.
ბერძენიშვილი გამოეხმაურა დაცვის მხარის არგუმენტებს, თითქოს რიგითი მეწარმეები ლილუაშვილის ბრალეულობას ვერ ადასტურებენ და განმარტა, რომ ბიზნესმენებს სუს-ის ხელმძღვანელთან პირდაპირი კავშირი ფიზიკურად ვერ ექნებოდათ.
„ბრალდების მხარე ვალდებულია სრული სქემა დაადასტუროს. როცა მეწარმეებს ვკითხავთ, ბუნებრივია, მათ არ იციან ლილუაშვილის შემხებლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტკიცებულება პირდაპირი არ არის. ჩვენ დავკითხეთ სააგენტოს ის თანამშრომლები, რომლებიც შუამავლები იყვნენ. ისინი ადასტურებენ, რომ ქრთამის სახით წამოღებული თანხა მიდიოდა სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძესთან და მათთვის კარგად იყო ცნობილი, რომ გვანცელაძისგან ეს გადაეცემოდა გრიგოლ ლილუაშვილს“, — აცხადებს მარიამ ბერძენიშვილი.

















