პროკურორი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს

პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას აპირებს, თუკი ის „მომდევნო პროცესის გადადებას კვლავ არარეალური მიზეზით მოითხოვს“.

როგორც ნადარეიშვილმა ჟურნალისტებს პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, „დღევანდელი მიზეზი პროცესის გადადების, ისევე როგორც წინა პროცესის შემთხვევაში, უარგუმენტო იყო, რაც მათ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტებით დაადასტურეს“.

“როგორც წინა, ასევე დღევანდელ პროცესზე დავადასტურეთ, რომ ადვოკატმა იცრუა, რომ საქმის მასალების გაცნობა გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლო. ჩვენ გამოვითხოვეთ დოკუმენტები და დადასტურდა, რომ დაცვის მხარემ ამ 12 დღის მანძილზე, რა ვადაც მიეცა დასკვნითი სიტყვის მოსამზადებლად, იმუშავა სულ სამი საათი. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში ან სასამართლო პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, არგუმენტი, რომ ვერ ასწრებს ამ საქმის გაცნობას, სხვა საქმეებში მონაწილეობის გამო, არის სიცრუე”, – აღნიშნა პროკურორმა.

ამასთან, ნადარეიშვილის თქმით, პროცესების გადადების მოთხოვნა, სასამართლო განხილვების გაჭიანურებას ემსახურება.

“თუ ადვოკატი 3 იანვარს ჩანიშნულ სხდომაზე ისევ სხვა არარეალურ მიზეზს მოიგონებს და ანალოგიურ შუამდგომლობას დააყენებს, მე პირადა მივმართავ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას, აღნიშნული ადვოკატის საკითხზე მსჯელობის მიზნით, რათა დაადგინონ დისციპლინური პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

როგორც ცნობილია, სააკაშვილის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე, სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებული პროცესი დღესაც გადაიდო. ამის მიზეზად ადვოკატმა ის გარემოება დაასახელა, რომ საქმის მასალების გაცნობა ვერ შეძლო.

banner
წინა სტატიაში„დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ“ – მიხეილ გიორგაძე ზვიად რატიანის ცემაზე
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი: საკმარისი საფუძველი ბატონი ზვიად რატიანის შეჩერებისა არსებობდა