მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ქეთი სონიძემ განაცხადა, რომ გამოძიება გრძელდება და გამოყოფილ საქმეში, შესაძლოა, ახალი პოტენციური ბრალდებულები გამოიკვეთონ. სახელმწიფო მბრალდებლის თქმით, ახალი პირების გამოკვეთის შემთხვევაში, მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუყოვნებლივ დაიწყება.
სონიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, თუ რატომ ითხოვდა პროკურატურა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილის, არასრულწლოვან გიორგი მალანიას წინასწარ პატიმრობას. მისი თქმით, მიმალვის რისკის გარდა, არსებობდა მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის (სამართალწარმოების წინააღმდეგ მიმართული ქმედების) ჩადენის საფრთხე.
„შესაძლებელია გამოყოფილ საქმეში კიდევ გამოიკვეთონ ახალი პოტენციური ბრალდებულები… და რომ არ მოხდეს იმ პოტენციურ ბრალდებულებთან რაიმე სახის შეთანხმება, რაიმე ინფორმაციის შეცვლა, წაშლა, დამახინჯება, ან მოწმეებზე უკანონო ზემოქმედება, სწორედ ამ საფრთხეზეც მივუთითებდით ჩვენს შუამდგომლობაში.
რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, რა თქმა უნდა, თავიდან არავინ დაესხმის თავს უკვე მოკლულ ადამიანს… ჩვენ ამ საფრთხეს მოვიაზრებთ, როგორც სამართალწარმოების წინააღმდეგ ჩასადენი დანაშაულის საფრთხეს. ანუ, შესაძლოა, მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედება მოხდეს და ეს ნიშნავს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს“, — განაცხადა ქეთი სონიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიორგი მალანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება (რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). პროკურატურის ვერსიით, სწორედ მალანიამ, რომელიც მოკლული პედაგოგის მოსწავლე იყო, მიაწოდა თავდამსხმელებს — ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ინფორმაცია მასწავლებლის საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების გრაფიკის შესახებ, რის შემდეგაც მათ თვალთვალი დაიწყეს.















