მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორის, ქეთი სონიძის განცხადებით, ბრალდებული არასრულწლოვნის, გიორგი მალანიას დაკავება გურიაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. პროკურორის განმარტებით, არსებობდა ბრალდებულის მიმალვის რეალური საფრთხე, რასაც ის გარემოებაც ამყარებდა, რომ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ლანჩხუთში ზურგჩანთით გადაადგილდებოდა.
სონიძის თქმით, სასამართლოსთვის წარდგენილ შუამდგომლობაში პროკურატურა პატიმრობის აუცილებლობას რამდენიმე გარემოებით ასაბუთებდა.
„ჩვენს შუამდგომლობაში მხოლოდ მიმალვის საფრთხე არ იყო მითითებული. იყო ასევე ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებებზე უკანონო ზემოქმედების მოხდენის საფრთხე. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ის ლანჩხუთში იმყოფებოდა, გადაადგილდებოდა ზურგჩანთით და არსებობდა ვარაუდი იმისა, რომ ის აპირებდა მიმალვას. სწორედ ამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იქნა დაკავებული“, — განაცხადა ქეთი სონიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მალანიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. მას ბრალი დაუმძიმდა და გამოძიება ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურის ვერსიით, სწორედ მალანიამ (რომელიც მოკლული პედაგოგის მოსწავლე იყო) მიაწოდა თავდამსხმელებს — ალექსანდრე გაბაშვილს, გიორგი რიკაძესა და დემეტრე ჩიქოვანს ინფორმაცია მასწავლებლის საცხოვრებელი ადგილისა და გადაადგილების გრაფიკის შესახებ.















