პროკურორი: ეროსი კიწმარიშვილს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა იარაღთან

news
ავტ.: news ივნისი 23, 2016 11:28

პროკურორი: ეროსი კიწმარიშვილს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა იარაღთან

პროკურორი ნინო აღლემაშვილი გარდაცვლილი ბიზნესმენის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ბრალდებებს პროკურატურის მიმართ, არ იზიარებს.

აღლემაშვილის თქმით, კიწმარიშვილის იარაღზე შესაძლოა, სხვა ადამიანის დნმ-ი უშუალოდ, შემთხვევის დროს არ აღმოჩენილიყო. მისი თქმით, სხვა ადამიანის კვალი კიწმარიშვილის ავტომანქანაში მას შემდეგ გამოირიცხა, რაც პროკურატურამ დაასკვნა, რომ გასროლა მხოლოდ თავად, ბიზნესმენის მიერ იყო შესაძლებელი.

“ყველა საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, ბუნებრივია, მივეცით საშუალება ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს და მათ მიერ წარმოდგენილ დამოუკიდებელ ექსპერტებს, შეესწავლათ საქმის მასალები. რაც შეეხება დნმ-ის კვალს იარაღზე, ისინი იყვნენ ინფორმირებული ამის შესახებ. პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იარაღზე აღმოჩნდა კიწმარიშვილის დნმ-ის კვალი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა იარაღთან და თავი მოიკლა, მაგრამ რაც შეეხება მეორე პირის მონაწილეობას, დიახ, შერეული კვალი არის აღმოჩენილი. შერეული კვალის აღმოჩენა, როდესაც სხვა პირის მიერ სროლის განხორციელება გამორიცხულია, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება საეჭვო გარემოებად”, – განაცხადა აღლემაშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურის სპეციალურ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დასრულდა. გარდა ამისა, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველ ფაქტებზე ვიდეომასალა გამოქვეყნდა. პროკურატურამ დაასკვნა, რომ ბიზნესმენმა თავი ფინანსური პრობლემების გამო მოიკლა.

news
ავტ.: news ივნისი 23, 2016 11:28

Google სტატისტიკა


3,408
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics