33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

პროკურორი ელისაშვილის განაჩენზე: ვინაიდან ქმედება არ მოინანია, მინიმალური სასჯელი ვერ დაიმსახურა

ალეკო ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რატომ შეუფარდა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 13-წლიანი პატიმრობა და რატომ არ გამოიყენა მინიმალური სასჯელი.

„მტკიცებულებათა გამოკვლევით დავადასტურეთ ის, რომ ალექსანდრე ელისაშვილს ჰქონდა ტერორისტული აქტის მცდელობა. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც იყო უტყუარი და თანმიმდევრული, ისაუბრა უშუალოდ საქმეში არსებულ ვიდეო ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღწერილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ასევე ისაუბრა ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებზე, რომლებიც ასევე თანმიმდევრული იყო და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილი ქმედების თითოეულ სურათს.

სასამართლომ ასევე შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი და ამ შემთხვევაში ეს იყო სწორედ სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია, რაც ნათლად და მკაფიოდ იყო გამოკვეთილი.

მოსამართლემ ასევე ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო რელევანტური მის ქმედებასთან. ასევე, მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა იმ კონტექსტში, რომ ვინაიდან ბრალდებულმა აღნიშნულ სხდომაზე მისი განმარტებით, ასევე ქცევით, ასევე არცერთ ეტაპზე ქმედების არაღიარებითა და მონანიების არქონით, ფაქტობრივად, ვერ დაიმსახურა ის, რომ მინიმუმი ყოფილიყო მის მიმართ განსაზღვრული სასჯელი”, – განაცხადა პროკურორმა.

banner
წინა სტატიაში“ბენზინის მისხმა იატაკზე ბინ ლადენის ქმედებას გაუთანაბრეს”- ალეკო ელისაშვილის ცოლი
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ალეკო ელისაშვილის მიმართ გამოტანილ 13-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა